რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინიდან გაშვებული 8 ATACMS-იდან მხოლოდ 2 ჩამოაგდო – Reuters-ის წყარო

19 ნოემბერს უკრაინამ ამერიკული ATACMS-ის ტიპის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტი დაბომბა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინას რუსეთში შორი რადიუსის იარაღით იერიშების მიტანის ნება დართო.

რუსეთის მტკიცებით, მათმა ძალებმა ბრიანსკის ოლქში მათი სამხედრო ობიექტის მიმართულებით გაშვებული 6 რაკეტიდან 5 ჩამოაგდეს, რის შემდეგაც ერთ-ერთის ნამსხვრევები ობიექტს მოხვდა და ხანძარი გამოიწვია, რაც მალავე ჩააქრეს.

თუმცა, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსეთში, საზღვრიდან 110 კილომეტრის დაშორებით, იარაღის საწყობს დაარტყეს, რასაც მეორადი აფეთქებებიც მოჰყვა. უკრაინას საჯაროდ არ უთქვამს, თუ რა იარაღი გამოიყენა იერიშისთვის, მაგრამ უკრაინის მთავრობიდან წყარომ და ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაადასტურეს, რომ დარტყმა ATACMS-ების მეშვეობით მოხდა.

"მართლაც, პირველად ATACMS-ები იყო გამოყენებული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იერიშისთვის. დარტყმა მოხდა ბრიანსკის ოლქში ობიექტზე, იერიში წარმატებული იყო". - აღნიშნა უკრაინის მთავრობიდან წყარომ.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთმა გაშვებული 8 რაკეტიდან მხოლოდ 2-ის ჩამოგდება შეძლო, ხოლო დარტყმა საბრძოლო მასალების მომმარაგებელ საკვანძო პუნქტზე იყო მიტანილი.

მანამდე, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩევში მდებარე იარაღის არსენალზე იერიში მიიტანეს.

"ბრიანსკის ოლქში იერიში მივიტანეთ რუსეთის ფედერაციის 67-ე არსენალზე. იქ იყო საარტილერიო ჭურვები, მათ შორის ჩრდილოეთკორეული სისტემები, საზენიტო რაკეტები და სხვა იარაღი". – წერს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ხელმძღვანელი ანდრეი კოვალენკო.

იერიშის ამსახველი კადრები მედიაშიც გავრცელდა:


თავდაპირველად, გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.

მედიაში გავრცელებული ცნობები მალევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხებში, ბრაიენ ა. ნიკოლსმა, დიდი ოცეულის (G20) სამიტზე დაადასტურა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ნოემბერს მედიაში გავრცელებულ ცნობებს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "დარტყმების მიტანა სიტყვებით არ ხდება. ასეთ რაღაცებს წინასწარ არ აცხადებენ. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან".

ბაიდენის გადაწყვეტილების შემდეგ, 19 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განახლებულ ბირთვულ დოქტრინას მოაწერა ხელი, რომლითაც რუსეთმა საპასუხო ბირთვულ დარტყმაზე ზღვარი დაწია და რუსეთის მხრიდან პასუხის პოტენციური მიზეზების სიაში სტანდარტული სახის დარტყმებიც შეიტანა.

რას ნიშნავს უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა 

კომენტარები