აშშ-რუსეთი

პესკოვი: პუტინსა და ტრამპს შორის საუბრის გამართვაზე სამზადისი ჯერჯერობით არ არის

დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის საუბარი შესაძლოა, მოგვიანებით შედგეს, თუმცა ამ დროისთვის ამ მიმართულებით არანაირი სამზადისი არაა.

"ჩვენ შევხედავთ, როგორ განვითარდება ვითარება ამ მხრივ. გარკვეული სახის კონტაქტი მოსალოდნელია. როდის მოხდება ეს, შეუძლებელია ამის გამოცნობა". - განაცხადა პესკოვმა რუსულ გამოცემა Interfax-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, არის თუ არა გარკვეული გზავნილები აშშ-ს მხრიდან პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის გამართვის შესახებ, პესკოვმა განაცხადა, რომ "ჯერჯერობით, არა".

კრემლის პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ თუკი მსგავსი დიალოგის გამართვის საჭიროება იქნება, მისი დაგეგმვა "ძალიან სწრაფად" შეიძლება.

"ამ მხრივ პრობლემები არ არის. ვფიქრობ, როგორც კი ამის საჭიროება გაჩნდება, [და] ურთიერთგაგება ასეთი კომუნიკაციის საჭიროებაზე ორივე მხარეს დაემთხვევა, [საუბარი] შედგება". - დაამატა პესკოვმა.

მანამდე, გამოცემა Washington Post-მა გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ 7 ნოემბერს აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ გამოცემას საკითხში გარკვეულმა რამდენიმე პირმა განუცხადა.

გამოცემის ცნობით, ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავება ურჩია და ევროპაში ამერიკული სამხედრო განლაგებების შესახებ შეახსენა.

თუმცა, მოგვიანებით, გამოცემის მიერ გავრცელებული ეს ცნობა კრემლმა უარყო:

"ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი ხარისხის არის ინფორმაცია, რომელიც ზოგჯერ პატივსაცემ გამოცემებშიც კი იბეჭდება. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის გამოგონილი ამბავი, უბრალოდ ცრუ ინფორმაცია". – თქვა პესკოვმა.

კომენტარები