კურსკის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, რომან სტაროვოიტმა, რომელიც ამჟამად რუსეთის ტრანსპორტის მინისტრია, აღიარა, რომ რუსი სამხედროები გლუშკოვოს რაიონში ომის გამო მიტოვებულ სახლებს ძარცვავდნენ.
სტაროვოიტმა ასევე დაამატა, რომ მაროდიორობით არა მხოლოდ სამხედროები, არამედ სამოქალაქო პირებიც იყვნენ დაკავებულები.
"რაც შეეხება მაროდიორობას. გუშინ ძალოვან უწყებებთან შეხვედრაზე განიხილებოდა. მაროდიორობის ფაქტები ვლინდება როგორც სამოქალაქო პირებს, ისევე სამხედრო პირებს შორის. [...] არის ფაქტები, რომ ნაქურდალი მიტანის სერვისის მეშვეობით არის გაგზავნილი [რუსეთის შიგნით]". - თქვა სტაროვოიტმა გლუშკოვოს რაიონის მცხოვრებებთან შეხვედრისას.
კურსკის ოლქის მოქმედმა გუბერნატორმა, ალექსეი სმირნოვმა თავის Telegram-არხზე გლუშკოვოს რაიონის მცხოვრებებთან შეხვედრის შეჯამება გამოაქვეყნა.
გუბერნატორმა დაწერა, რომ ხელისუფლება უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებისთვის საცხოვრებელი სერტიფიკატების გადაცემას განაგრძობს, პირადი ტრანსპორტისა და შინაური ცხოველების გარეშე დარჩენილ პირებს კი ანაზღაურებას შეპირდა.
მანამდე, 11 ნოემბერს რუსული სამთავრობო მედია ТАСС ირწმუნებოდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გლუშკოვოს დასახლებაში სახლები გაძარცვეს. მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედრო ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ ეს დასახლება უკრაინის შეიარაღენბული ძალების კონტროლის ქვეშ არასდროს არ მოქცეულა, პროპაგანდისტულმა მედიამ ცნობა შეცვალა.
გამოცემა Медуза-ს ცნობით, მაროდიორობის შესახებ არა მხოლოდ გლუშკოვოს, არამედ კორენოვოს რაიონშიც ჩივიან, რომელიც გლუშკოვოს მეზობლად მდებარეობს და რეგიონში უკრაინის შესვლის გამო ასევე სამხედრო ქმედების ზონაში მოექცა.
როგორც კორენოვოში, ისევე გლუშკოვოში, უკრაინელი სამხედროები არ შესულან.





