სურათები, რომლებზეც აღბეჭდილია, თუ როგორ აპროტესტებს ბოლო არჩევნების შედეგებს საქართველოს ათასობით მოქალაქე ქუჩებში, ევროპის დროშით ხელში, ადასტურებენ, თუ რამდენად მიისწრაფვიან [ქართველები] ევროინტეგრაციისკენ. სამწუხაროდ, 26 ოქტომბერს ამომრჩეველს არ მიეცა საშუალება, თავისუფლად გამოეხატათ აზრი. საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევა გამოვლინდა. ამას გარდა, რუსეთი სასტიკი, ყალბი ინფორმაციის კამპანიას ატარებდა.
პარალელურად, კანონები, რომლებიც რუსული [ანალოგების] ინსპირაციით [იქნა მიღებული], მსგავსად კანონებისა უცხოური გავლენების გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებებისა და მცირეწლოვანთა დაცვის და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, სრულად ეწინააღმდეგება იმ სტანდარტებსა და ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირისთვის ფუნდამენტურია და საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზას აშორებს, რომელმაც სტარტი გასულ წელს აიღო.
ამ ჩარევასთან ბრძოლა გადამწყვეტია, რათა ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული მომავალი იყოს გარანტირებული. [ევროკავშირის] წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო, მისი მოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების მისწრაფებების თვალსაზრისით, ყველაზე პროევროპულია. ეს მამოძრავებელი ძალა არ ხედავს ევროპას მხოლოდ ეკონომიკური განვითარების საშუალებად, მისთვის ეს უპირველეს ყოვლისა შესაძლებლობაა, რომ ქვეყანაში განამტკიცოს დემოკრატიული პრინციპები და სამოქალაქო უფლებები.
ჩვენი დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყოველი საშუალება, რათა მხარი დავუჭიროთ, შევინარჩუნოთ და დავიცვათ ეს მისწრაფებები იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა იცხოვროს ქვეყანაში, რომელიც თავისუფალია კორუფციისგან და პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, უფლებებსა და დემოკრატიას.





