ნიდერლანდები

ნიდერლანდები სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს

ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრი მარჯოლეინ ფაბერი ნიდერლანდების საზღვარზე 
EPA-EFE/EMIEL MUIJDERMAN

მიმდინარე წლის 9 დეკემბრიდან ნიდერლანდები არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად სახმელეთო საზღვრის კონტროლს გაამკაცრებს.

ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრის, მარჯოლეინ ფაბერის თქმით, ქვეყანა სახმელეთო საზღვრის კონტროლს ოფიციალურად 2024 წლის 9 დეკემბრიდან დააწესებს. ამასთან ერთად, მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ზომების მიღება ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისთვის არის საჭირო.

ნიდერლანდების ხელისუფლების განმარტებით, სასაზღვრო კონტროლი 6 თვის განმავლობაში, 2024 წლის 9 დეკემბრიდან 2025 წლის 9 ივნისამდე იმოქმედებს. მათივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, საზღვრის კონტროლის პერიოდი გახანგრძლივდება.

ფაბერს არ განუმარტავს, კონკრეტულად როგორ განხორციელდება სასაზღვრო კონტროლი. მინისტრის თქმით, კონტროლი სახმელეთო მოძრაობისთვის რაც შეიძლება ნაკლები შეფერხებით უნდა ჩატარდეს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სასაზღრო კონტროლის დაწესება გაუთვალისწინებელი გარემოებების ან საგანგებო შემთხვევების დროს შეუძლიათ.

ორი თვით ადრე, 16 სექტემბერს გერმანიამ სახმელეთო საზღვრის კონტროლი შენგენის ზონის კიდევ ხუთ ქვეყანასთან აამოქმედა. გერმანიის პოლიცია შემდეგი ექვი თვის მანძილზე დანიის, ნიდერლანდების, ბელგიის, საფრანგეთის და ლუქსემბურგის საზღვრებს გააკონტროლებს.

გერმანიაში სასაზღვრო კონტროლის დაწესების მთავარი მიზეზად უკონტროლო მიგრაცია და შიდა უსაფრთხოების დაცვა სახელდება.  

ერთი წლით ადრე გერმანიამ სახმელეთო სასაზღვრო კონტროლი აამოქმედა ასევე ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან და შვეიცარიასთან.

კომენტარები