7 ნოემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სიტყვით მიმართვაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, კამალა ჰარისის დამარცხებასა და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის პროცესზე ისაუბრა.
"200 წელზე მეტია, ამერიკა ატარებს მსოფლიოს ისტორიაში თვითმმართველობის უდიდეს ექსპერიმენტს. ეს არ არის ჰიპერბოლა. ეს არის ფაქტი, სადაც ხალხი ხმას აძლევს და ირჩევს საკუთარ ლიდერს და ეს კეთდება მშვიდობიანად. ჩვენ ვართ დემოკრატიაში, სადაც ხალხის ნება ყოველთვის იმარჯვებს. გუშინ მე ვესაუბრე არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს. მივულოცე მას გამარჯვება და დავარწმუნე ის, რომ მთელ ჩემს ადმინისტრაციას მივმართავ, რომ იმუშავონ მის გუნდთან ერთად ძალაუფლების მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადაბარების უზრუნველსაყოფად. ეს არის ის, რასაც ამერიკელი ხალხი იმსახურებს. გუშინ მე ასევე ვესაუბრე ვიცეპრეზიდენტ ჰარისს. ის იყო პარტნიორი და სახელმწიფო მსახური. მან შთამაგონებელი კამპანია აწარმოა და ყველამ დაინახა ის, რასაც მე ასე ძალიან ვცემ პატივს, მისი ხასიათი. მას აქვს მტკიცე, შესანიშნავი და ძლიერი ხასიათი. მან გაიღო მთელი გული და ძალისხმევა. კამალა და მისი მთელი გუნდი ამაყი უნდა იყოს მათი კამპანიით". - თქვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლაში.
ბაიდენმა ასევე ისაუბრა აშშ-ს საარჩევნო სისტემის სამართლიანობასა და გამჭვირვალობაზე და ხაზი გაუსვა 20 იანვარს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას:
"მე ვიცი, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ეს არის გამარჯვების დრო, სხვებისთვის კი – მარცხის დრო. კამპანია არის კონკურენტული ხედვების შეჯიბრი. ქვეყანა ირჩევს ან ერთს, ან მეორეს. ჩვენ კი ვიღებთ იმ არჩევანს, რომელსაც ქვეყანა აკეთებს. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ არ შეიძლება გიყვარდეს ქვეყანა მხოლოდ მაშინ, როდესაც იმარჯვებ; არ შეიძლება, გიყვარდეს შენი მეზობელი მხოლოდ მაშინ, როდესაც ეთანხმები. ვფიქრობ, რაც შეიძლება გააკეთოთ, იმის მიუხედავად თუ ვის მიეცით ხმა, არის ის, რომ დაინახოთ ერთმანეთში არა მეტოქეები, არამედ თანამემამულე ამერიკელები, ცოტა დავცხრეთ. ასევე, ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავასრულოთ საკითხი ამერიკული საარჩევნო სისტემის სამართლიანობასთან დაკავშირებით. ის არის პატიოსანი, სამართლიანი და გამჭვირვალე. მისი ნდობა შეიძლება, განურჩევლად იმისა, დამარცხდი თუ გაიმარჯვე. ასევე, ჩვენ უნდა აღვადგინოთ პატივისცემა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის მიმართ. ჩვენ მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ. მადლობა გადავუხადოთ საარჩევნო უბნებზე მუშაობისთვის, ხმების დათვლისთვის, არჩევნების სამართლიანობის დაცვისთვის. ბევრი მათგანი მოხალისეა, რომელიც ამ საქმეს მხოლოდ ქვეყნის სიყვარულის გამო აკეთებდა. მათ შეასრულეს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულებები. მე შევასრლებ ჩემს ვალდებულებას, როგორც პრეზიდენტი. მე შევასრულებ ჩემს ფიცს. მე პატივს ვცემ კონსტიტუციას. 20 იანვარს ჩვენ გვექნება ამერიკაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ბაიდენმა უდიდესი მადლობა გადაუხადა თავისი ადმინისტრაციის წევრებს, იმ ადამიანებს "რომლებმაც 4 წლის განმავლობაში მასთან იმუშავეს" და ყველა მხარდამჭერს:
"მე ვიცი, რომ ეს რთული დროა, თქვენთვის მტკივნეულია, მე გხედავთ და მესმის თქვენი. მაგრამ არ დაგავიწყდეთ ის ყველაფერი, რასაც ერთად მივაღწიეთ". - თქვა ბაიდენმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობის დროს დაწყებული პროექტებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შედეგები მომავალი ათი წლის განმავლობაში უკეთ აღსაქმელი იქნება.
ჯო ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაცია მსოფლიოში უდიდეს ეკონომიკას ტოვებს.
"ჩვენი ვადის დასრულებამდე 74 დღე გვაქვს დარჩენილი. მოდით, თითოეული დღე გავხადოთ მნიშვნელოვანი. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ამერიკელი ხალხის წინაშე. უკუსვლა გარდაუვალია, მაგრამ დანებება, აი ეს უპატიებელია. ჩვენ ყველანი ვმარცხდებით, მაგრამ ჩვენი ხასიათის საზომი ისაა, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია ფეხზე წამოდგომა. გახსოვდეთ, მარცხი არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ დავმარცხდით. ჩვენ წავაგეთ ამ ბრძოლაში. თქვენი ოცნებების ამერიკა მოგიწოდებთ თქვენ ფეხზე ადგომისკენ. ასე არის ამერიკის 240 წლიანი ისტორია. ეს თითოეული ჩვენგანის ისტორიაა. ამერიკის ისტორია გვანახებს, რომ კარგად ვიქნებით. მაგრამ უნდა ვიმოძრაოთ და რაც მთავარია, უნდა შევინარჩუნოთ რწმენა" - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დასრულებისას.