საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინფორმაციით, მან და აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 6 ნოემბერს სატელეფონო საუბარში უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთის კრიზისი განიხილეს.
მაკრონმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ხაზი გაუსვა ამერიკისა და ევროპის გამოწვევებთან ერთობლივი გამკლავების მნიშვნელობას.
სატელეფონო საუბარში დონალდ ტრამპი დაიმუქრა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტით და თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დასრულებას მოლაპარაკებით შეეცდება.
ქვეყნების ლიდერებმა, დაახლოებით, 25 წუთი ისაუბრეს, რაც ფრანგულმა წყაროებმა დაახასიათეს, როგორც "თბილი საუბარი" და "ძალიან კარგი გაცვლა".
ბოლო მონაცემებით, ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 292, ხოლო ჰარისს 224 ხმა აქვს. არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა 270 ხმა.
რესპუბლიკელების კანდიდატმა უკვე დადასტურებულად გაიმარჯვა 7 მერყევი შტატიდან 5-ში: პენსილვანიაში, ჯორჯიაში, ვისკონსინში, ჩრდილოეთ კაროლინასა და მიჩიგანში. ხმების დათვლა გრძელდება ნევადაში, არიზონასა და ალასკაში, რომელთაგან ყველაში დონალდ ტრამპი ლიდერობს.
ტრამპი პირველი ვადით პრეზიდენტი 2016 წელს გახდა, თუმცა, 2020-ში ჯო ბაიდენთან დამარცხდა. დღევანდელი ისტორიული გამარჯვებით, ტრამპი გროვერ კლივლენდის შემდეგ ამერიკის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, რომელიც არჩევნების დამარცხების შემდეგ კვლავ გახდა პრეზიდენტი.