ცნობილმა ამერიკელმა პოდკასტერმა, ჯო როგანმა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა ყოფილ პრეზიდენტსა და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, დონალდ ტრამპს გამოუცხადა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა "დიადმა და გავლენიანმა ილონ მასკმა" იქონია.
"რომ არა ის [ილონ მასკი], ცუდ მდგომარეობაში ვიქნებოდით. [ამ პოდკასტში] ის საუბრობს ტრამპის [მხარდაჭერის] ყველაზე საინტერესო [მიზეზზე] და მე მას ყოველ ნაბიჯზე ვეთანხმები.
ცნობისთვის, დიახ, ეს ჩემ მიერ ტრამპისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაა". - წერს როგანი X-ზე და ილონ მასკთან ჩაწერილ პოდკასტს აზიარებს.
57 წლის როგანი, როგორც გამოცემა Bloomberg წერს, "მიიჩნევა, როგორც დედამიწაზე ყველაზე პოპულარული პოდკასტერი". მისი პოდკასტების მსმენელთა აბსოლუტურ უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ.
გასულ კვირას მან პოდკასტი სწორედ დონალდ ტრამპთან ერთად ჩაწერა. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, მას ინტერვიუს ჩაწერა კამალა ჰარისთანაც სურდა, თუმცა პოდკასტი არ შედგა.
როგანმა ცოტა ხნის წინ პოდკასტი ჩაწერა ტრამპის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატთან, ჯეი დი ვენსთანაც.
ჯო როგანი ავტორია Spotify-ს ყველაზე მოსმენადი პოდკასტისა - The Joe Rogan Experience.
თუმცა მის სახელთან ასოცირდება კოვიდპანდემიის პერიოდში ვაქცინაციასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებაც.