ლეგენდარული კანადელი მუსიკოსი, ნილ იანგი სტრიმინგ პლატფორმა Spotify-ის უპირისპირდება. ღია წერილში, რომელიც არტისტმა პირად ვებგვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა, ამ დროისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის, იანგი საკუთარ მენეჯერსა და ლეიბლის ხელმძღვანელებს მოუწოდებდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო, Spotify-ისგან ცნობილი ამერიკელი პოდკასტერის, ჯო როგანის პოდკასტის The Joe Rogan Experience ან საკუთარი დისკოგრაფიის წაშლა მოეთხოვათ.
"გთხოვთ Spotify-ის დაუყოვნებლივ შეატყობინეთ, რომ პლატფორმიდან ყველა ნამუშევარს ვშლი. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ Spotify კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც შესაძლოა იმ ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლოს, რომლებიც ამ დეზინფორმაციას დაიჯერებენ. გთხოვთ, Spotify-ის დღესვე განუცხადოთ, რომ მათი პლატფორმიდან ჩემი ყველა ნამუშევრის წაშლა მსურს. მათ შეუძლიათ აირჩიონ როგანი ან იანგი და არა ორივე ერთად". - წერდა იანგი.
აღსანიშნავია, რომ ჯო როგანი კორონავირუსისა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში გასულ თვეშიც დაადანაშაულეს. 31 დეკემბერს გამოქვეყნებულ ღია წერილს, ხელს 270 ექიმი, ფიზიკოსი და მეცნიერი აწერდა. ისინი კომპანიას ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის დასაცავად, შესაბამისი რეგულაციების შემოღებისკენ მოუწოდებდნენ.
The Joe Rogan Experience ამ დროისთვის Spotify-ზე ყველაზე პოპულარული პოდკასტია. გადაცემის ყოველ ახალ ეპიზოდს, საშუალოდ 11 მილიონი ადამიანი უსმენს. 2020 წელს კი როგანმა 100 მილიონი დოლარის სანაცვლოდ, Spotify-ის საკუთარი პოდკასტის საავტორო უფლებები გადასცა.