2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

ჰარისი: არ ჩავარდეთ საგონებელში, ახლა არ არის იმის დრო, რომ ხელი ჩავიქნიოთ

დღეს მე აქ ვდგავარ, რათა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებში დამარცხებას ვაღიარებ, არ ვაპირებ დავთმო ბრძოლა, რომელმაც ამ კამპანიას ძალა მისცა - ბრძოლა თავისუფლებისთვის, შესაძლებლობისთვის, სამართლიანობისთვის და ყოველი ადამიანის ღირსებისთვის. ბრძოლა იდეალებისთვის, რომლებიც ჩვენს ერს აერთიანებს, რომლებიც ამერიკას საუკეთესოდ ასახავენ. [...]

ამერიკა, ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას დემოკრატიისთვის, კანონის უზენაესობისთვის, თანასწორი სამართლისთვისა და იმ წმინდა იდეისთვის, რომლის მიხედვითაც ყოველ ჩვენგანს გარკვეული ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები აქვს, რომლებიც დაცული უნდა იყოს. [...]

მივმართავ ახალგაზრდებს, რომლებიც მიყურებენ - ნორმალურია, რომ გეწყინოთ ან იმედები გაგიცრუვდეთ, მაგრამ, გთხოვთ, იცოდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. კამპანიის განმავლობაში მე ხშირად ვამბობდი, რომ როდესაც ვიბრძვით, ვიგებთ. თუმცა, ხანდახან ბრძოლას გარკვეული დრო სჭირდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მოვიგებთ. მნიშვნელოვანია, რომ არასდროს დანებდეთ. არასდროს შეწყვიტოთ მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა. თქვენ გაქვთ ძალა და არასდროს მოუსმინოთ მათ, ვინც გეტყვით, რომ რაიმე შეუძლებელია, რადგან ის არასდროს გაუკეთებიათ. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს გასაოცარი სიკეთე მოუტანოთ. ამიტომ მოგმართავთ ყველას, ვინც მიყურებს - არ ჩავარდეთ საგონებელში. ახლა არ არის იმის დრო, რომ ხელი ჩავიქნიოთ. ახლა სახელოების აკაპიწების დროა. ეს არის ორგანიზების, მობილიზების და აქტიურობის დრო თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვისა და მომავლისთვის, რომლის აშენებაც, ყველამ ვიცით, რომ ერთად შეგვიძლია.

ბევრმა იცით, რომ მე პროკურორი ვიყავი და ჩემი კარიერის განმავლობაში ვნახე ადამიანები, რომლებიც ცხოვრების უმძიმესი პერიოდი გადაჰქონდათ; ადამიანები, რომლებმაც დიდი ტკივილი გადაიტანეს, თუმცა თავიანთ თავებში მაინც იპოვეს ძალა და გამბედაობა, რომ ფეხზე დამდგარიყვნენ და სამართლიანობისთვის, საკუთარი თავებისთვისა და სხვა ადამიანებისთვის ებრძოლათ. დაე, მათი სიმამაცე ინსპირაცია იყოს ჩვენთვის, ხოლო მათი მიზანდასახულობა - მუხტი. 

ამით დავამთავრებ - არსებობს გამოთქმა, რომელიც ყოველ საზოგადოებაში არსებობს და მას ისტორიკოსებმა ისტორიის კანონი უწოდეს. გამოთქმა ასეთია: ვარსკვლავებს მხოლოდ მაშინ ხედავ, როდესაც საკმარისად ბნელა. მე ვიცი, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ჩვენთვის ბნელი დრო იწყება, თუმცა ჩვენდა სასარგებლოდ, იმედი მაქვს, ეს ასე არ მოხდება. თუმცა, ამერიკა, თუ ეს გამართლდა, ერთად შევავსოთ ცა მილიონობით მოკაშკაშე ვარსკვლავით, ოპტიმიზმის, ჭეშმარიტების, რწმენისა და მოღვაწეობის ნათელით. დაე, სამუშაო გაგვიძღვეს წინ, უკან დახევის შემთხვევაშიც კი, წინ, ამერიკის შეერთებული შტატების დიადი მიზნისკენ. 

ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დალოცოს ამერიკა.

თქვა აშშ-ს მოქმედმა ვიცეპრეზიდენტმა და საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის დამარცხებულმა კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ჰოვარდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას. 

კომენტარები