პროდიუსერსა და რეპერს, შონ P.Diddy კომბსს კიდევ ორი ადამიანი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
მუსიკოსის წინააღმდეგ ორი ახალი სარჩელია შეტანილი. ბრალმდებლების თქმით, სექსუალური ძალადობის ფაქტები 2000-იან წლებში მოხდა. იმ დროს სავარაუდო დაზარალებულები 10 და 17 წლის იყვნენ. ორივე ბრალმდებელი კაცია, მათი თქმით, კომბსმა ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება აიძულა.
იმ დროს 10 წლის სავარაუდო დაზარალებული დამწყები მსახიობი და რეპერი იყო, რომელიც მშობლებთან ერთად კალიფორნიაში ჩამოვიდა და მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებს, მათ შორის კომბსს შეხვდა. როგორც ბრალმდებელი იხსენებს, P.Diddy დაემუქრა, რომ მომხდარი ამბის გახმაურების შემთხვევაში მის მშობლებს ფიზიკურად გაუსწორდებოდა.
შონ კომბსის პრობლემები 2023 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც მის წინააღმდეგ რამდენიმე ქალმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა - რეპერს ძალადობასა და ექსპლუატაციაში სდებდნენ ბრალს. მომჩივანთა შორის იყო Diddy-ს ყოფილი მეგობარი ქალი კესი ვენტურა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კომბის ადვოკატებმა საქმე მალევე დაარეგულირეს, რეპერი 2024 წლის 16 სექტემბერს, მისი სახლის გაჩხრეკის შემდეგ, მაინც დააკავეს და პატიმრობაში დატოვეს.
აშშ-ს პროკურატურის მტკიცებით, კომბსი თავის მუსიკალურ იმპერიას ქალების ექსპლუატაციისთვის, ე.წ. freak off წვეულებების (მრავალდღიანი სექსუალური ღონისძიება, დიდი ოდენობის ნარკოტიკების მოხმარებითა და რიგ შემთხვევაში სექსის იძულებით) ორგანიზებისთვის იყენებდა. სხვადასხვა ცნობებით საღამოები მოიცავდა რთულ სექსუალურ პერფორმანსებს, რომლებიც ზოგჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევით რჩებოდა.
2 ოქტომბერს, ადვოკატების ჯგუფმა განაცხადა, რომ რეპერ შონ კომბსის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით, დამატებით 100-ზე მეტი ახალი სარჩელი მზადდება.
კომბსს სექსუალური ძალადობისთვის უჩივიან როგორც ქალები, ისე მამაკაცები - 120 მომჩივანიდან 25, შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი, მათგან ყველაზე ახალგაზრდა 9 წლის იყოს.





