გამოცემა TMZ წერს, რომ მომღერალი ჯასტინ ბიბერი ამერიკელი პროდიუსერისა და რეპერის, შონ "Diddy" კომბსის მსხვერპლი არ გამხდარა.
ამის შესახებ ბიბერის წარმომადგენელმა განცხადება გამოცემა TMZ-ს გაუგზავნა.
"მართალია, ჯასტინი შონ კომბსის მსხვერპლთა შორის არ არის, თუმცა არიან პიროვნებები, რომლებიც მან ნამდვილად დააზიანა. ამ რეალობისთვის ყურადღების მოკლებას ყურადღება გადააქვს სამართლის აღსრულებისგან, რომელსაც ეს მსხვერპლები იმსახურებენ". - თქვა ბიბერის წარმომადგენელმა.
TMZ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კომბსისა და ბიბერის საჯარო ურთიერთობა ხელოვნური და "პერფორმატიული" იყო, სინამდვილეში კი ბიბერს ურთიერთობა Diddy-ს შვილებთან ჰქონდა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, აქამდე სოციალურ ქსელში მომხმარებლები Diddy-სა და ბიბერს შორის წარსულ ურთიერთობაზე დაყრდნობით გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ ბიბერი შესაძლოა შონ კომბსის მსხვერპლი ყოფილიყო.
კომბსისა და ბიბერის ერთ-ერთ ვიდეოში, რომელშიც ბიბერი 15 წლის არის, Diddy ამბობს, რომ ვერ იტყვის, რას აკეთებენ ერთად, მაგრამ ეს "15 წლის ბიჭის ოცნებაა". მანვე თქვა, რომ "შემდეგი 48 საათის განმავლობაში" ბიბერი Diddy-სთან ერთად იქნება და "გიჟურად" გაერთობიან.
ცნობისთვის, გასული წლის 16 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკული ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი, პროდიუსერი და რეპერი შონ კომბსი (იგივე Puff Daddy, P.Diddy, Diddy, Diddy - Dirty Money) დააკავეს. მუსიკოსს სექს ტრეფიკინგი, პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობა და ორგანიზებულ დანაშაულში ედება ბრალად.
ადვოკატებმა რეპერის $50 მილიონის ოდენობის გირაოთი გამოყვანა სცადეს, თუმცა 18 სექტემბერს სასამართლომ შუამავლობა არ დააკმაყოფილა და კომბსი ბრუკლინის წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს.
შონ კომბსის პრობლემები 2023 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც მის წინააღმდეგ რამდენიმე ქალმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა - რეპერს ძალადობასა და ექსპლუატაციაში სდებდნენ ბრალს.
აშშ-ს პროკურატურის მტკიცებით, კომბსი თავის მუსიკალურ იმპერიას ქალების ექსპლუატაციისთვის, ე.წ. freak off წვეულებების (მრავალდღიანი სექსუალური ღონისძიება, დიდი ოდენობის ნარკოტიკების მოხმარებითა და რიგ შემთხვევაში სექსის იძულებით) ორგანიზებისთვის იყენებდა. სხვადასხვა ცნობებით საღამოები მოიცავდა რთულ სექსუალურ პერფორმანსებს, რომლებიც ზოგჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევით რჩებოდა.
2024 წლის 2 ოქტომბერს, ადვოკატების ჯგუფმა განაცხადა, რომ რეპერ შონ კომბსის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით, დამატებით 100-ზე მეტი ახალი სარჩელი მზადდება.
კომბსს სექსუალური ძალადობისთვის უჩივიან როგორც ქალები, ისე მამაკაცები - 120 მომჩივანიდან 25, შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი, მათგან ყველაზე ახალგაზრდა 9 წლის იყოს.





