ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ინფორმაციას ამერიკის ხმა აქვეყნებს.
"მიუხედავად ჩვენი ბოლოდროინდელი შეშფოთებისა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ, ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ დავინახავდით საქართველოს მთავრობის ნებას, ჩაეტარებინა თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, რომელიც ასახავდა ქართველი ხალხის სურვილებს. რეალურად, ამ შაბათ-კვირის საპარლამენტო არჩევნებში სხვა რამის მომსწრე გავხდით
ეუთო/ოდირის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და ISFED-ის მიერ გაზიარებული ანგარიში აჩვენებს მრავალრიცხოვან დარღვევას, რამაც სერიოზულად დააზარალა დემოკრატიული არჩევნების სტანდარტები.
ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ არჩევნების დღეს [საარჩევნო პროცესში] ჩარევის შესახებ ათობით ცნობით, მათ შორის, ძალადობის, ამომრჩეველთა დაშინებისა და ბიულეტენების ჩაყრის შესახებ, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო დააზიანოს არჩევნების შედეგების მთლიანობა". - წერია განცხადებაში [ამერიკის ხმის თარგმანი].
ამასთან, წერილში სენატორები მოუწოდებენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, გამოიძიოს საქართველოში არჩევნების დროს მომხდარი, სავარაუდო, საარჩევნო დარღვევები.
"ჩვენს ევროპელ მეგობრებთან პარტნიორობით, მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს თაღლითობისა და ნებისმიერი გარე ჩარევის შესახებ ცნობები, რათა დაადგინოს, მოახდინა თუ არა [ამ ფაქტებმა] რაიმე სერიოზულად გავლენა არჩევნების შედეგზე. პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ". - წერია განცხადებაში [ამერიკის ხმის თარგმანი].
გარდა ამისა, სენატორები დამატებით შესაძლო სადამსჯელო ქმედებებზეც საუბრობენ – მათთვის, ვისი პასუხისმგებლობაც საარჩევნო დარღვევებზე გამოიკვეთება.
"საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ განვახორციელებთ დამატებით ცვლილებებს ჩვენს ორპარტიულ კანონმდებლობაში, ქართველი ხალხის აქტში, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესის გაყალბებასა და მანიპულირებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ. ამერიკის სენატი სრულად არის მოწოდებული, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს". - ნათქვამია წერილში [ამერიკის ხმის თარგმანი].





