არჩევნები 2024

ISFED: შედეგები შესაძლოა არ ასახავდეს ხალხის ნებას, არ ვგეგმავთ PVT-ის გამოქვეყნებას

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 26 ოქტომბრის არჩევნების დღის დაკვირვების შემაჯამებელ განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაცია წერს, რომ მათ მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დაფიქსირებული "ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების" გამო, მისი გამოყენება საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომად ვერ მოხდება. შესაბამისად, ორგანიზაციის თქმით, არ გეგმავენ ხმების პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებას.

"სამართლიანი არჩევნების შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგები შესაძლოა სათანადოდ არ ასახავდეს ქართველი ამომრჩევლების ნებას. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, თუმცა, იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა ფუნდამენტური ხასიათის დარღვევებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე.  

წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, კერძოდ, ამომრჩევლებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ/დამუშავებამ და ამომრჩევლების მოსყიდვამ, მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა. არჩევნების დღესაც სამართლიანმა არჩევნებმა გამოავლინა მძიმე დარღვევები, როგორიცაა ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მრავალჯერადი მიცემა, ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, ასევე უბნის გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების, მათი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და ნების კონტროლის ფაქტები. სამართლიანი არჩევნების შეფასებით, ამ დარღვევების ერთობლიობის გათვალისწინებით, შედეგები შესაძლოა არ ასახავდეს ამომრჩევლის ნებას. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია ხმების პარალელური დათვლის დეტალური შედეგების გამოქვეყნებას არ გეგმავს. სამართლიანი არჩევნები განაგრძობს საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და ანალიზს". - წერია განცხადებაში.

სამართლიანი არჩევნების განცხადების მიხედვით, "წინასაარჩევნო გარემოზე ნეგატიურად იმოქმედა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვების/დამუშავებისა და მოქალაქეებისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების სავარაუდო ჩამორთმევის ფაქტებმა, რაც წარმოადგენს ამომრჩეველზე ზეწოლისა და ამომრჩევლის ნების გამოხატვისთვის ხელის შეშლის მცდელობას".

"წინასაარჩევნო პერიოდში გამოქვეყნდა ონლაინ გამოცემა „ბათუმელების” სტატია,1  სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ადგენს „ქართული ოცნება” ამომრჩეველთა შესახებ დოსიეებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან უკანონოდ მოპოვებული პერსონალური მონაცემების გამოყენებით. მმართველი პარტიის მიერ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვება/დამუშავება კიდევ ერთხელ ადასტურებს 2022 წლის ივლისში „სამართლიანი არჩევნების” თანაავტორობით გამოქვეყნებულ კვლევაში2 მიმოხილულ ამომრჩეველთა მოსყიდვისა და მათზე ზეწოლის მასშტაბური სქემის არსებობას. შესაბამისი საგამოძიებო უწყებების მხრიდან ასეთი შემთხვევების რეაგირების გარეშე დატოვება კი ამ პრობლემას უფრო მეტად აღრმავებს". - წერს ორგანიზაცია.

ამასთან, ISFED-ის განცხადების მიხედვით არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესში შეიმჩნეოდა პრობლემური ინციდენტებისა და დარღვევების სიმრავლე. გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:

  • საარჩევნო უბნების 9%-ზე არ იყო დაცული კენჭისყრის ფარულობა;
  • საარჩევნო უბნების  9%-ზე გამოვლინდა მარკირების შემოწმებისა და გაკეთებასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • გამოვლინდა დამკვირვებლების უფლებების უკანონო შეზღუდვის, მათი დაშინების, სიტყვიერი თუ ფიზიკური ძალადობის და საარჩევნო უბნიდან გაძევების შემთხვევები;
  • რამდენიმე საარჩევნო უბანში დაფიქსირდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრისა და მრავალჯერადი ხმის მიცემის ფაქტები;
  • სამართლიანმა არჩევნების დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნების 31%-ზე გამოავლინა პარტიის კოორდინატორთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვის შემთხვევები უბნის გარე პერიმეტრზე;
  • ორგანიზაციამ დააფიქსირა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების, ასევე, მუქარის ფაქტები საარჩევნო უბანთა 11%-ზე;
  • საარჩევნო უბანთა 19%-ზე გამოვლინდა ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება;
  • საარჩევნო უბნების 13%-ის გარე პერიმეტრზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა.

სამართლიანმა არჩევნების ინფორმაციით, მათ საარჩევნო უბნების გარეთ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია შერჩევაში მოხვედრილი საარჩევნო უბნების 91%-დან მიიღეს.

კომენტარები