2024 წლის 25 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა კიდევ 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7199 შეადგინა.
აუქციონის მიუხედავად, ლარი დოლართან 0.24 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.86 თეთრით. 25 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7198 ლარია, ერთი ევროსი - 2.9442 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.82 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.07 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.78 ლარია, ევროსი - 3.02 ლარი.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან 60 მილიონი დოლარი 23 ოქტომბერსაც გაყიდა, რის შემდეგაც, ლარი მცირედით გამყარდა, თუმცა, მომდევნო ორი დღის ვაჭრობისას ეროვნული ვალუტა გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდა.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან ჯამში 382 100 000 აშშ დოლარი გაყიდა. აქედან 213.4 მილიონი დოლარი მხოლოდ ოქტომბრის თვეში. ბოლო ორ კვირაში სებ-მა ოთხი სავალუტო აუქციონი გამართა.





