კსკ ვაგნერის მე-9 მოიერიშე ბრიგადის მეთაური, მიხაილ პრიხოდკო (ზედმეტსახელად მაიკლი) მალიში აჯანყებულებთან შეტაკების დროს მოკვდა. ინფორმაცია რუსული სამხედრო კომპანიის ტელეგრამ-არხზე გავრცელდა.
განცხადების მიხედვით, პრიხოდკო 12 ოქტომბერს მოკვდა.
"იმ დღეს მე-9 მოიერიშე დანაყოფის მანევრირების ჯგუფი საბრძოლო დავალებას ასრულებდა, როცა ტერორისტების აღმატებულ რაოდენობას შეეჩეხა. მაიკლმა საბრძოლო ზონაში სწრაფი რეაგირების ჯგუფის დაძვრის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღო და სათავეში პირადად ჩაუდგა." - ირწმუნებიან განცხადებაში.
როგორც კსკ ვაგნერის განცხადებაში ირწმუნებიან, აჯანყებულთა ჯგუფი წარმატებით გაანადგურეს, თუმცა პრიხოდკო სასიკვდილოდ დაიჭრა.
როგორც ჩანს, ბოლო კვირებში ვაგნერის ჯგუფი მალიში აზავადელ და ისლამისტს აჯანყებულებთან ბრძოლაში კვლავ აქტიურად ჩაერთო.
აქამდე, 8 ოქტომბერს გაავრცელეს ცნობა, რომ დაიბრუნეს დასახლებულ პუნქტ ტინ-ზაუტინთან ივლისში დახოცილი ვაგნერელების ცხედრები და მათ რუსეთში გაგზავნიდნენ.
ივლისის ბოლოს გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც მალიში დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ. კადრებში ჩანდა მათი განადგურებული საბრძოლო ტექნიკა, ფიგურირებდა ისლამისტი ჯიჰადისტებისა და აზავადის მოძრაობის დროშები. შეიარაღებული ტუარეგები და არაბები დახოცილ რუს დაქირავებულ სამხედროებს ძარცვავდნენ და მათ ფონზე პოზირებდნენ.
ვაგნერელებს თავს დაესხნენ აზავადის მოძრაობის კოორდინაციისა (CMA) და ალ-კაიდის საჰელის განშტოების ალიანსის წევრები. კსკ-ში აღიარეს, რომ მათი ერთ-ერთი სამხედრო მეთაური, ანტონ ელიზაროვი ბრძოლის დროს მოკვდა. გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აჯანყებულებმა მათი ვერტმფრენის ჩამოგდებაც შეძლეს. მოკლულთა შორის იყო ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხი GREY ZONE-ის ადმინისტრატორი, ნიკიტა ფედიანინიც, ზედმეტსახელად "თეთრი".
29 ივლის უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) სპიკერმა, ანდრიი იუსოვმა თქვა, რომ ტუარეგ აჯანყებულებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც "რუსი ომის დამნაშავეების" წინააღმდეგ წარმატებული ოპერაციის საწინდარი გახდა.
ამის შემდეგ, უკრაინულმა ინგლისურენოვანმა მედია Kyiv Post-მა გაავრცელა ფოტო, რომელშიც აჯანყებული ტუარეგები უკრაინის დროშით პოზირებენ.
რამდენიმე წლის წინ ტუარეგთა ტომის აჯანყების შემდეგ მალის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთზე კონტროლი დაკარგა. კონფლიქტი კიდევ უფრო გაართულა ისლამისტების ჩართულობამ. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოხდა, ხუნტამ რუსულ კსკ ვაგნერთან ახლო ურთიერთობა დაამყარა.
კსკ-ს დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინის აჯანყების ჩავარდნის, შემდეგ კი მისი და ჯგუფის სამხედრო მეთაურის, ვაგნერის ზედმეტსახელით ცნობილი დმიტრი უტკინის სიკვდილის შედეგად კერძო სამხედრო კომპანია რამდენიმე ნაწილად დაიშალა. ნაწილმა თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი დადო, ზოგიერთი აფრიკაში ვაგნერის კონკურენტ რუსულ ჯგუფებს შეუერთდა, ზოგი ბელარუსში სამხედრო ინსტრუქტორი გახდა, ნაწილი კი ძველი სტრუქტურის ქვეშ დარჩა, რუსეთი დატოვა და მუშაობა აფრიკაში, საჰელის რეგიონში გააგრძელა. გავრცელებული ცნობებით, აფრიკის კონტინენტზე რუსი დაქირავებული მებრძოლების კურირება თავდაცვის სამინისტროს ხელში გადავიდა და აქ ახლა მათი აფრიკული კორპუსი მოქმედებს.