უკრაინული მხარის კრიტიკის მიუხედავად, 22 ოქტომბერს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად რუსეთში, ქალაქ ყაზანში, ჩავიდა, სადაც იგი მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
ცნობისთვის, BRIC ეკონომიკური ალიანსი 2006 წელს ბრაზილიის (B), რუსეთის, (R), ინდოეთისა (I) და ჩინეთის (C) ინიციატივით შეიქმნა. მოგვიანებით, 2010 წელს ორგანიზაციას სამხრეთ აფრიკაც (S) შეემატა, რის გამოც დღეს ალიანსს BRICS ეწოდება.
2024 წლის იანვარში ორგანიზაციაში ასევე ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროებიც გაწევრიანდნენ.
ვლადიმირ პუტინთან გუტერეშის შეხვედრა 24 ოქტომბერს არის მოსალოდნელი.
რუსეთში ჩასვლამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს გენერალური მდივანი ვიზიტის დაგეგმვისთვის გააკრიტიკა.
"გაეროს გენერალურმა მდივანმა შვეიცარიაში პირველ გლობალური მშვიდობის სამიტზე უკრაინის მიწვევაზე უარი თქვა. თუმცა, მან ომის დამნაშავე პუტინისგან ყაზანში მიწვევა მიიღო". - დაწერა სამინისტრომ სოციალურ მედიაში.
უკრაინის თქმით, "ეს არასწორი არჩევანია, რომელიც მშვიდობის საერთო საქმეს წინ ვერ წევს. იგი მხოლოდ გაეროს რეპუტაციას აზიანებს".





