საპრეზიდენტო არჩევნები მოლდოვაში

სანდუ: კრიმინალური დაჯგუფება 300 000 ხმის მოსყიდვას აპირებდა

მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გამართული რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე თქვა, რომ ქვეყანაში "კრიმინალურმა დაჯგუფებამ" 300 000 ხმის მოსყიდვა სცადა. მისივე თქმით, კრიმინალური დაჯგუფებები "უცხოურ ძალებთან" ერთად მოქმედებდნენ.

ამის შესახებ მან პრეს-ბრიფინგზე ისაუბრა

"ძვირფასო მოქალაქეებო! დღეს, როგორც წინა თვეებში, მოლდოვაში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა მოხდა. კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც უცხოურ ძალებთან გაერთიანდნენ, ჩვენს ქვეყანას ტყუილით და პროპაგანდით თავს დაესხნენ. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები და ინფორმაცია, რომ კრიმინალური დაჯგუფება აპირებდა, 300 000 ხმა მოესყიდა. ეს უპრეცედენტო თაღლითობაა, რომლის მიზანსაც დემოკრატიის საფრთხეში ჩაგდება წარმოადგენს. მათი მიზანია, საზოგადოებაში შიში და პანიკა დათესონ. არ შევწყვეტთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას. საბოლოო შედეგებს ველოდებით და გადაწყვეტილებებით დავბრუნდებით". - თქვა სანდუმ.

გუშინ, 20 სექტემბერს, მოლდოვაში ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე რეფერენდუმი გაიმართა. რეფერენდუმის ჩატარებისთვის საჭირო იყო, რომ პროცესში მონაწილეობა სიაში მყოფ მოქალაქეთა 33%-ს მიეღო, რა ზღვარიც გადაილახა.

რეფერენდუმზე მოლდოველებს აზრი უნდა გამოეხატათ კითხვაზე, უნდა გაკეთდეს თუ არა მოლდოვის კონსტიტუციაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი. გასულ თვეში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს ამომრჩეველთა 63% უჭერდა მხარს.

უკანასკნელი მონაცემებით, დათვლილია ხმების 98.3%, რომელთაგან 50.08% ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას მხარს უჭერს, 49.92% კი ეწინააღმდეგება. 

რეფერენდუმთან ერთად ამომრჩევლებმა ასევე მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. 

წინასწარი შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პროდასავლელი პრეზიდენტი, მაია სანდუი ხმების 41.89%-ით ლიდერობს, ხოლო მისი პრორუსი მეტოქე, ალექსანდრ სტოიანოგლო ხმების 26.36%-ით მეორე ადგილზეა. ამას გარდა, მესამე ადგილზე გავიდა რუსეთში გამდიდრებული რენატო უსატიი, რომელმაც ხმების 13.74% მიიღო.

თუკი საბოლოო შედეგების მიხედვით კანდიდატებიდან ხმათა უმრავლესობის მოპოვებას ვერცერთი შეძლებს, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს დაინიშნება.

არჩევნებამდე სტოიანოგლოს, რომელიც არჩევნებში სანდუს მთავარი კონკურენტად ითვლება, მხარდაჭერა ოპოზიციის ყველაზე პოპულარულმა წარმომადგენელმა, ექსპრეზიდენტმა, იგორ დოდონმა და მისმა სოციალისტურმა პარტიამ გამოუცხადეს.

დოდონმა სტოიანოგლოსთვის გზის გასათავისუფლებლად არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ყოფილი პროკურორის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა, თუმცა, მის ინიციატივას მხარდაჭერა არ ჰქონდა.

არაერთი დასავლური გამოცემის შეფასებით, სტოიანოგლოს კანდიდატურის მხარდამჭერები, იგორ დოდონი და მოლდოვის სოციალისტური პარტია არამხოლოდ პრორუსული განწყობის არიან, არამედ ისინი პირდაპირ კრემლიდან იმართებიან.

რეფერენდუმზე ხმის მიცემის დროს სტოიანოგლომ რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა და თქვა, რომ იგი "დაბალანსებულ" საგარეო პოლიტიკას ემხრობა, რომლითაც მოლდოვა ურთიერთობებს ევროკავშირთან, რუსეთთან, აშშ-სთან და ჩინეთთან განავითარებს.

კომენტარები