არჩევნები 2024

ISFED: ოცნების აქტივისტები ამომრჩევლებზე ზეწოლას სხვადასხვა გზით ცდილობენ

სამართლიანი არჩევნები (ISFED) მიმდინარე წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაცია მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესში გამოკვეთილი დარღვევების და ქართული ოცნების აქტივისტების მხრიდან, ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.

ISFED-ის თქმით, ქართული ოცნების აქტივისტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა მიზეზით, "ამომრჩეველთა ნაწილს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დროებით მათთვის გადაცემას სთხოვენ" - ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება ზუგდიდში, ბორჯომში, ხაშურში, ლაგოდეხში, გურჯაანსა და ყვარელში)

ორგანიზაციის მტკიცებით, ოცნების აქტივისტები ამომრჩევლებს ხმის სანაცვლოდ საწვავის ტალონებსა და პროდუქტებს ურიგებენ.

"მმართველი პარტიის აქტივისტები ამომრჩევლებს, მათი ხმების სანაცვლოდ, ურიგებენ პროდუქტს, საწვავის ტალონებს ან სთავაზობენ მომსახურების გაწევას. 

ამომრჩევლის მოსყიდვა საქართველოს კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ითვალისწინებს, როგორც ამომრჩევლის მომსყიდველი პირის, ისე მოსყიდული ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება ამომრჩეველი, თუ იგი ამ ფაქტის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადებს შესაბამის ორგანოს". - წერია განცხადებაში

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ ზოგიერთ კერძო დაწესებულებაში, დამსაქმებელთა მხრიდან ფიქსირდება ქართული ოცნების მხარდამჭერთა სიების შედგენის ფაქტებიც.

"საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ზოგიერთ კერძო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს მათი ხელმძღვანელები ავალებენ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ, სავარაუდო მხარდამჭერთა სიების შედგენას და მათთვის გადაცემას.

თანამშრომლებისთვის მსგავსი დავალებების მიცემა, ასევე, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების ამ ფორმით მოპოვება, შენახვა, დამუშავება უკანონოა" - წერს ორგანიზაცია.

ISFED-ი ასევე საუბრობს, რომ ქართული ოცნების აქტივისტები არასაჯარო საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, მუქარისა და შანტაჟის შემცველ დეზინფორმაციასაც ავრცელებენ.

"მმართველი პარტიის აქტივისტები არასაჯარო საკომუნიკაციო არხების მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ არჩევნების დღეს გამოყენებული ელექტრონული აპარატების მეშვეობით, ისინი გაიგებენ, თუ რომელ პარტიას მისცემს ხმას ესა თუ ის ამომრჩეველი

საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული არაერთი განცხადებით, ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენება უსაფრთხოა და ვერავინ გაიგებს, რომელმა ამომრჩეველმა, რომელ პარტიას მისცა ხმა.

ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატები ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული და საარჩევნო ბიულეტენი არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას, რითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული ამომრჩევლის ბიულეტენთან დაკავშირება. 

შესაბამისად, კენჭისყრის ფარულობა უზრუნველყოფილია". - წერია განცხადებაში.

 

კომენტარები