საქართველო-რუსეთი

საოკუპაციო რეჟიმი კალაძეს: საქართველომ თავად უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობა რუსეთთან

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას პასუხობს და საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისკენ მოუწოდებს.

"გავეცანით მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რას სთავაზობს საქართველოს ხელისუფლება რუსეთს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ მზადყოფნის გამოთქმაზე, მიიღონ კონკრეტული ზომები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში დასახმარებლად.

ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ შემდეგს.

ქართველ პოლიტიკოსებს გვინდა შევახსენოთ, რომ საქართველომ თავად უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობა რუსეთთან. მოგეხსენებათ, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ამჟამად არ არსებობს. ამიტომ, "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის" და სხვა მითური ტერმინების შესახებ არარეალურ სტერეოტიპებზე წინასაარჩევნო სპეკულირების ნაცვლად, ქართველმა პოლიტიკოსებმა, თავდაპირველად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე უნდა იზრუნონ.

რაც შეეხება აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობას, ჩვენი ქვეყნები სტრატეგიული მოკავშირეები არიან. აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთსარგებელზე დაფუძნებულ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც განსაზღვრავს აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის არსებობას და აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ერთობლივ დაცვას.

რაც შეეხება მომავალში მეზობელ სახელმწიფო საქართველოსთან რაიმე სახის ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას, ჩვენი პოზიცია უცვლელია. საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ". - წერია განცხადებაში.

კახა კალაძემ 29 სექტემბერს თქვა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებთან" შერიგებაში დახმარებასთან დაკავშირებით პოზიტიურად აფასებს.

მანამდე, 28 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი მზად არის, მხარეების დაინტერესების შემთხვევაში საქართველოს "მეზობლებთან", "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნებთან" შერიგებაში დაეხმაროს.

მანამდე, 14 სექტემბერს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად", რადგან "მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები."

მოგვიანებით, ეს განცხადება კრემლის პროპაგანდისტმა, RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა შეაქო

"საქართველო განსაცვიფრებლად ადეკვატურად იქცევა, თითქოს მრავალწლიანი გადაბმული სმიდან (ორიგინალში - запой) ან ფსიქოზიდან გამოვიდა. თბილად მივესალმებით, ზოგადად!". - წერს სიმონიანი. 

კომენტარები