რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთში ორ სამხედრო საწყობზე იერიში მივიტანეთ – უკრაინის გენშტაბი

pravda.com.ua

უკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ უკრაინამ რუსეთში ორ სამხედრო საწყობზე იერიში მიიტანა, რომლებიც კრასნოდარის ოლქის სოფელ ტიხორეცკსა და ტვერის ოლქის დასახლება ოკტიაბრსკში მდებარეობენ.

გენშტაბის ცნობით, საწყობებში ათასობით ტონის ოდენობის საბრძოლო მასალა ინახებოდა, რომლის ნაწილიც რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან მიიღო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტიხორეცკის სამხედრო საწყობი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილია და რუსული ჯარის ლოჯისტიკის სისტემაში საკვანძო როლს ასრულებს.

გარდა ამისა, უკრაინამ იერიში მიიტანა ტიხორეცკის სამხედრო საწყობთან მდებარე რადიოლოკაციის სადგურზე, Подлет-ზე, რომელიც საწყობის გარშემო საჰაერო სამიზნეებს ამჩნევდა.

განცხადების თანახმად, ტვერის ოლქის დასახლება ოკტიაბრსკის მახლობლად მდებარე საწყობი, რომელზეც უკრაინამ იერიში მიიტანა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი საარტილერიო სამმართველოს 23- არსენალს წარმოადგენს. 

"დავალებები წარმატებით შესრულდა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების, უპილოტო სისტემების ძალების, სპეციალურ ოპერაციათა ძალების, უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სხვათა თანამშრომლობით". - წერია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

მანამდე, რუსულ მედიასა და ტელეგრამ-არხებში გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინული დრონების იერიშის შედეგად, რუსეთში, კრასნოდარის ოლქის სოფელ ტიხორეცკში მდებარე საბრძოლო მასალის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც მოგვიანებით გრანდიოზული აფეთქებაც მოყვა.

კომენტარები