ლელოს კოალიციაში შემავალი თავისუფლების მოედანი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევა, რომელიც პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევისკენ არის მიმართული, განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს".
"მამუკა ხაზარაძე მოლაპარაკების პროცესში ძლიერი საქართველოს ოთხივე სუბიექტს წარმოადგენს და ჩვენი ნდობით სარგებლობს.
თავისუფლების მოედნის მკაფიო პოზიციას სხვადასხვა საკითხთან მიმართებით არასოდეს შეუშლია ხელი ჩვენთვის, ღია ვყოფილიყავით დიალოგისთვის.
ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს ნებისმიერ ნაბიჯს, გადაწყვეტილებას თუ შეთანხმებას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ მომავალს" - წერია განცხადებაში.
მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის საარჩევნო ერთობაზე მოლაპარაკებები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათ შორის, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სასახლეში.
პარტიამ გახარია-საქართველოსთვის დღეს, 19 სექტემბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ლელოსთან შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, რადგან მეორე მხარემ "შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია."
მალევე, ლელოს წევრებმა თქვეს, რომ ეს განცხადება მათთვის სიურპრიზი იყო და შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მზად იყვნენ.
გიორგი გახარიას გუნდის წევრმა ნათია მეზვრიშვილმა TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ კოალიციის შიგნით კონსენსუსი ვერ შედგა და ამას ძლიერი საქართველოს წევრების - ლევან ცუცქირიძის და ანა დოლიძის განცხადებები ადასტურებს.
"როგორ წარმოგიდგენიათ, ორ სერიოზულ პოლიტიკოსს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, ეს ორი ადამიანი მოლაპარაკებას აწარმოებს და როგორ წარმოგიდგენიათ, ამ დროს გიორგი გახარია თანხმობას აცხადებს რაღაცაზე ხელმოწერაზე, იმ ერთობაზე, რომელსაც საზოგადოება ასე ელოდება და ამ დროს გამოდის ნათია მეზვრიშვილი და ამბობს, რომ წინააღმდეგია მამუკა ხაზარაძესთან და ლელოს გუნდთან რაიმე ტიპის გაერთიანების და ნათია მეზვრიშვილსაც უნდა, რომ იქ მივიდეს და მაგიდასთან დაჯდეს მოლაპარაკების...
ეს [ლევან ცუცქირიძე] არ იყო მარტო ერთი ლიდერი ამ კოალიციის, აქ იყვნენ კიდევ სხვა ლიდერები, თუ არ ვცდები, ქალბატონი დოლიძეც იყო, რომლებმაც ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს. რამდენად სერიოზულად წარმოგიდგენიათ, შემდგომ ბატონი გახარია გამოვიდეს და თქვას, რომ იცით რა, მე მაქვს კონსენსუსი" - თქვა მეზვრიშვილმა.
გიორგი გახარიას პარტიის განცხადებამდე, თავისუფლების მოედნის დამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ კოალიცია ოთხი წევრისგან შედგება და მხოლოდ გიორგი გახარიას გადასაწყვეტი არაა, "როდის რას დაესმება წერტილი". მისივე თქმით, "[გაერთიანებამ] თუ არ მოიტანა შედეგი, ამაზე პასუხისმგებლობას კომენტატორები არ აიღებენ, პასუხისმგებლობა დაგვეკისრება ჩვენ... ყველას დაავიწყდება, რომ წერდნენ: ეს უნდა გააკეთონ პოლიტიკოსებმა, ყველას დაავიწყდება ვინ რას გვირჩევდა, მაგრამ ყველას დაამახსოვრდება, რომ ჩვენი მიღებული გადაწყვეტილება იყო არასწორი". ამასთთან, ცუცქირიძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს "სადილისთვის, ორისთვის, სადაც იყო სამუშაო შეხვედრა, მაგრამ ალბათ, კარგი იქნება სადილი ყველასათვის, მოვიდნენ სხვა ადამიანებიც, მოვიდნენ სხვა ჯგუფებიც, დავილაპარაკოთ იმაზე, კიდევ მეტი რა შეიძლება, გაკეთდეს".





