საქართველო-აშშ

მილერი კობახიძის განცხადებაზე: აშშ-ს მთავრობა გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს

მეთიუ მილერი  
Nathan Howard/AP Photo

17 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, მეთიუ მილერს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა იგი კობახიძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც "[სანქციების დაწესებაში] დამნაშავე არა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ ოლიგარქიული ძალები არიან, რომლებსაც პრინციპული გავლენა აქვთ აშშ-ს ოფიციალურ ინსტიტუტებზე", ხოლო შემდგომი სანქციების დაწესებით "ამერიკული  მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა". 

"მხოლოდ ამას ვიტყვი: აშშ-ში, ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს" - ასე უპასუხა მილერმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას. 

ცნობისთვის, 16 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტებმა საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე პასუხისმგებელ ათობით პირს, მათ შორის, მთავრობის წევრებს, კორუმპირებულ ბიზნესმენებს, დეზინფორმაციის გამავრცელებლებსა და ცალკეულ სამართალდამცავებს, სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესეს. 

სანქციების საპასუხოდ, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 17 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ "აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც პრინციპული გავლენა აქვთ აშშ-ს ოფიციალურ ინსტიტუტებზე". შესაბამისად, კობახიძის თქმით, აშშ-ში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არა მთავრობა, არამედ "ოლიგარქიული ძალები" იღებენ. 

ამავე დღეს, საქართველოში აშშ-ს ელჩთან, რობინ დანიგანთან გამართულ შეხვედრაზე კობახიძემ აღნიშნა, რომ სანქციების შემდგომი ტალღით "ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა". 

კომენტარები