ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქართული ოცნება მზად არის, რომ სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განაახლონ სტრატეგიული პარტნიორობა.
მისი ცნობით, წინა ადმინისტრაცია ხელს უწყობდა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში არ შესვლას და მოხარულები არიან, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა განსხვავებულია.
"მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული. მათ შორის, მიდგომა ამგვარი საკითხების მიმართ არის განსხვავებული. წინა ადმინისტრაცია პირიქით, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით. ეს ხდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2024 წლის არჩევნებისთვისაც ასე შეამზადეს პროცესები და, საბოლოო ჯამში, ამან გამოიწვია ის, რომ ერთ შემთხვევაში, დაგვჭირდა მთელი მოლაპარაკებები, შეთანხმებების ხელმოწერა და ამის შემდეგაც კი არ შემოდიოდა ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში და 2024 წელს 4-დან 3 ბარიერგადალახული პარტია არ შემოვიდა პარლამენტში. ამას პირდაპირ უწყობდა ხელს წინა ადმინისტრაცია, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული. ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს, რაც არ გააკეთა წინა შემთხვევებში ოპოზიციამ და ეს იყო მაშინდელი ამერიკული ადმინისტრაციის უშუალო ჩარევისა და ევროპული ბიუროკრატიის უშუალო ჩარევის შედეგი, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, როგორც 2020 წელს, ისე 2024-ში. მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული." - განაცხადა კობახიძემ.
ივანიშვილის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაჯანსაღებას წინა ადმინისტრაციის უსამართლობა უშლიდა, სამართლიან მიდგომას კი ამის გამოსწორება შეუძლია.
"საინტერესო საუბარი გვქონდა ვიზიტის ფარგლებში. ჩვენი მიდგომა იცით, როგორიც არის. ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოზიცია იმის შესახებ, რომ მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს არის სურვილი, ჩვენი მხრიდან საჯაროდ გამოხატული და ერთი მთავარი მიდგომა, რასაც ასევე ხაზს გავუსვამ არის ის, რომ ეს ურთიერთობები და ურთიერთობების განახლება, გადატვირთვა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს.
ერთი მთავარი საკითხი, რაც ხელს უშლიდა ურთიერთობების გაჯანსაღებას ორ ქვეყანას შორის და პირიქით, აუარესებდა ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის, იყო სწორედ უსამართლობა, წინა ადმინისტრაციის უსამართლობა. რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა. ეს არის ჩვენი მოწოდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ამერიკელი კოლეგების მიმართ." - თქვა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ს საელჩომ საქართველოში გუშინ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ეწერა, რომ ოცნების წარმომადგენლებთან შეხვედრისას შტატების დელეგაციამ კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გამოთქვა.




