საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. განცხადებას საქართველოს მთავრობა ოფიციალურ Facebook-გვერდზე აქვეყნებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე კობახიძემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვადასხვა საჯარო უწყებაში დასაქმებული პირებისთვის სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესების გამო "შეშფოთება გამოთქვა".
"[კობახიძემ] აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს" - წერია განცხადებაში.
განცხადებაზე დაყრდნობით, შეხვედრაზე კობახიძემ ასევე თქვა, რომ სანქციები "წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი", თუმცა, სინამდვილეში, "სრულიად კონტრპროდუქტიულია", ვინაიდან "ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს".
კობახიძის თქმით, ქართული ოცნებას სჯერა, რომ აშშ-ს სახდეპის მიერ დამტკიცებული სანქციები პარტიისადმი მხარდაჭერას კიდევ უფრო გააძლიერებს.
ცნობისთვის, გუშინ, 16 სექტემბერს აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა (OFAC) სანქციები დაუწესა საქართველოს იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრაში.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა "ხარება", იგივე ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური და პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა, ხოლო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა 60 პირსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში მონაწილეობდნენ. სანქცირებულებს შორის არიან მაღალი თანამდებობის პირები მთავრობასა და მუნიციპალიტეტებში, ბიზნესების ხელმძღვანელები, დეზინფორმაციისა გამავრცელებლები, ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობები, სამართალდამცველები და პარლამენტის წევრები.





