ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გორში ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლაზე ოპოზიციის რეაქცია გააკრიტიკა და თქვა, რომ ოპოზიციას "შერიგებითა და ურთიერთპატიებით" ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯები აღიზიანებს.
გამოსვლისას ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ოსებისთვის "ბოდიშის მოხდის" საჭიროებაზე ისაუბრა.
"მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთპატიებით ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგენტურას უკიდურესად აღიზიანებს.
სრული ლუსტრაციაა.
(იხ. გარესამთავრობოებისა და ნაცმოძრაობის წარმომადგენლების დღევანდელი რეაქციები ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე)". - წერს მდინარაძე Facebook-ზე.
ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად", რადგან მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.
"26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები". - თქვა ივანიშვილმა.
ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას კრემლის პროპაგანდისტმა, RT-ის მთავარი რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმაც უპასუხა და შეაქო.
"საქართველო განსაცვიფრებლად ადეკვატურად იქცევა, თითქოს მრავალწლიანი გადაბმული სმიდან (ორიგინალში - запой) ან ფსიქოზიდან გამოვიდა. თბილად მივესალმებით, ზოგადად!". - წერს სიმონიანი.





