აშშ-უკრაინა

კირბი: აშშ რუსეთის ტერიტორიაზე ჩვენი იარაღის გამოყენებაზე პოლიტიკას არ ცვლის

ჯონ კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლის, ჯონ კირბის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინისთვის გადაცემული შორი მანძილის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვის მინიჭების თაობაზე პოლიტიკის შეცვლას არ გეგმავს.

კირბის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არავის უნდა ჰქონდეს:

"ჩვენი პოზიცია უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის შიგნით გამოყენებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული განცხადების მოლოდინი არ მექნებოდა" - თქვა მან.

ამასთან ერთად, თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ვლადიმირ პუტინის განცხადებას, რომლის თანახმადაც იარაღის გამოყენების შეზღუდვის მოხსნის შემთხვევაში რუსეთი დასავლეთს კონფლიქტში უშუალოდ ჩართულად მიიჩნევს, სერიოზულობით ეკიდებიან.

ბოლო პერიოდში ზელენსკი დასავლელ მოკავშირეებს მიწოდებულ შორი რადიუსის რაკეტებზე, მათ შორის ამერიკულ ATAMCS-ებსა და ბრიტანულ Storm Shadow-ებზე, შეზღუდვის მოხსნას სთხოვდა, რათა უკრაინამ რუსეთში იარაღის საწყობებსა და სხვა სახის სამიზნეებზე იერიშის მიტანა შეძლოს.

12 სექტემბერს რუსულ სამთავრობო ტელევიზიაში პუტინმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას შორი რადიუსის რაკეტებით ამარაგებენ, ომში ჩაითრევს.

"[...] ეს არ არის უკრაინული რეჟიმისთვის ამ შეიარაღებით რუსეთზე დარტყმების მიტანის ნების დართვა-არ დართვის საკითხი. ეს არის შეკითხვა იმის შესახებ, გადაწყდება თუ არა, რომ NATO-ს ქვეყნები პირდაპირ იყვნენ ჩართული სამხედრო კონფლიქტში". - განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, "თუკი [დასავლეთში] ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს NATO-ს ქვეყნების, აშშ-სა და ევროპული ქვეყნების უკრაინის ომში პირდაპირ ჩართულობაზე ნაკლებს არაფერს ნიშნავს. ეს იქნება მათი პირდაპირი მონაწილეობა და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შეცვლის კონფლიქტის არსსა და ხასიათს".

კომენტარები