რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 12 სექტემბერს განაცხადა, რომ დასავლეთი რუსეთთან ომში პირდაპირ ჩაერთვება, თუკი იგი უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების ნებას დართავს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი კონფლიქტის მასშტაბსა და ხასიათს შეცვლის.
ბოლო პერიოდში ზელენსკი დასავლელ მოკავშირეებს მიწოდებულ შორი რადიუსის რაკეტებზე, მათ შორის ამერიკულ ATAMCS-ებსა და ბრიტანულ Storm Shadow-ებზე, შეზღუდვის მოხსნას სთხოვდა, რათა უკრაინამ რუსეთში იარაღის საწყობებსა და სხვა სახის სამიზნეებზე იერიშის მიტანა შეძლოს.
რუსულ სამთავრობო ტელევიზიაში პუტინმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას შორი რადიუსის რაკეტებით ამარაგებენ, ომში ჩაითრევს.
"[...] ეს არ არის უკრაინული რეჟიმისთვის ამ შეიარაღებით რუსეთზე დარტყმების მიტანის ნების დართვა-არ დართვის საკითხი. ეს არის შეკითხვა იმის შესახებ, გადაწყდება თუ არა, რომ NATO-ს ქვეყნები პირდაპირ იყვნენ ჩართული სამხედრო კონფლიქტში". - განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, "თუკი [დასავლეთში] ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს NATO-ს ქვეყნების, აშშ-სა და ევროპული ქვეყნების უკრაინის ომში პირდაპირ ჩართულობაზე ნაკლებს არაფერს ნიშნავს. ეს იქნება მათი პირდაპირი მონაწილეობა და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შეცვლის კონფლიქტის არსსა და ხასიათს".