ეუთო/ოდირმა (OSCE/ODIHR) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მისია გახსნა. სადამკვირვებლო მისია თბილისში მომუშავე 12 საერთაშორისო ექსპერტისგან და 30 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება. მისია მთელი ქვეყნის მასშტაბით 19 სექტემბრიდან დაიწყებს მუშაობას.
ოდირის მოთხოვნით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყანაში დამატებით 350 მოკლევადიანი უცხოელი დამკვირვებელი ჩამოვა.
დამკვირვებლები შეაფასებენ არჩევნების ჩატარების პროცესს და ეუთოს პრინციპებსა და დემოკრატიული არჩევნების სხვა საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებთან, ასევე, ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობას.
ამასთან ერთად, საერთაშორისო დამკვირვებლები ახლო მონიტორინგს გაუწევენ არჩევნების ყველა ასპექტს, როგორიცაა წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდი. ასევე, ყურადღება გამახვილებული იქნება საარჩევნო კამპანიებზე,საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობასა და მედიის გაშუქებაზე.
ამ პერიოდში, გაიმართება შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან.
არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნების გახსნის, ხმისმიცემისა და შემდგომ ხმების დათვლის პროცესის დაკვირვებაში ოდირთან ერთად ჩართული იქნება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპული პარლამენტი და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიშის წარდგენა არჩევნების შემდეგ დღეს, პრესკონფერენციაზე მოხდება. ხოლო საბოლოო დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და შესაბამისი რეკომენდაციები რამდენიმე თვის შემდეგ გახდება ცნობილი.





