6 სექტემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა იტალიაში გამართულ ჩერნობიოს საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, რომ სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის 80% უკვე შეთანხმებულია.
"აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებზე ბოლო სიახლეები გვაჩვენებენ, რომ ჩვენ მშვიდობის გზას ვადგავართ. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ დისკუსიებს და სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის თითქმის 80%-ზე უკვე შევთანხმდით" - აღნიშნა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბაქომ და ერევანმა საზღვრის დელიმიტაციის პროცესი უკვე დაიწყეს.
"და ეს არამხოლოდ დელიმიტაცია, არამედ დემარკაციაცაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პატარა პირველი ნაბიჯი - ჩვენ 1000-კილომეტრიანი საზღვრის მხოლოდ 13-კილომეტრიან მონაკვეთზე შევთანხმდით - ნაბიჯია სწორი მიმართულებით" - თქვა ალიევმა.
ალიევმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ აზერბაიჯანის ინიციატივა, აწარმოოს სამშვიდობო მოლაპარაკებები სომხეთთან, საბოლოოდ ქვეყნებს სამშვიდობო ხელშეკრულების დადებამდე მიიყვანს, რომელიც, მისი თქმით, "მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება არამხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც".





