ევროკომისიის საგარეო საქმეთა სამსახურის სპიკერი, პიტერ სტანო ქართული ოცნების მიერ ანტი-ლგბტ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ ევროკავშირი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გმობს.
განცხადების მიხედვით, "ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს. ამასთან, ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ "ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი კანონმდებლობა" საფუძვლიანი ანალიზის გარეშე იქნა მიღებული.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომ კანონპროექტს სრულად გადახედოს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.
პიტერ სტანოს განცხადება სრულად:
"ევროკავშირი გმობს "ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას.
ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის.
ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი კანონმდებლობა სათანადო საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე იქნა მიღებული.
ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა და დაცვა ევროკავშირის გაფართოების პროცესის საფუძველშია, რასაც შეფასება გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში ყოველწლიურად ეძლევა.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ამ საკანონმდებლო პაკეტს სრულად გადახედოს. ასეთი პროექტი, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს.
ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და მოუწოდებს ხელისუფლებას, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს". - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდველი, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი მე-2 მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო. მმართველი გუნდისა და მისი სატელიტი პარტიების გარდა, განხილვას მხოლოდ გირჩის წევრები ესწრებოდნენ.
პარლამენტმა ანტი-ლგბტ კანონპროექტს მხარი მე-2 მოსმენით დაუჭირა





