რუსეთში კვლავ ირწმუნებიან, რომ დასავლეთი საქართველოში ბიოქიმიურ იარაღზე მუშაობს. რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული გამოცემა TACC-ი წერს, რომ უკრაინისა და საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასავლეთი პაციენტებზე "სახიფათო ექსპერიმენტებს" ატარებს, რათა ახალი ტიპის "ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი" შექმნას. ტრადიციულ პროპაგანდას გამოცემა "გამორჩეულ მკვლევარზე", პუტინთან დაახლოებულ მიხაილ კოვალჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
"უბრალო დამთხვევა არ არის, რომ როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამერიკელები შევიდნენ ყველა ჩვენს ყოფილ რესპუბლიკაში და სოციალისტურ ქვეყანაში და სრული კონტროლი დაამყარეს სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ ცენტრებზე და ვირუსთა და ბაქტერიათა ყველა კოლექციაზე, რომელიც ამ ქვეყნებში ინახებოდა" - "გამორჩეულმა მკვლევარმა" უთხრა TACC-ს.
კოვალჩუკის თქმით, ამერიკელები "განსაკუთრებულ ყურადღებას" აქცევენ რუსეთის ენდემური ბაქტერიებისა და ვირუსების კოლექციებს, "რაც უმიზეზოდ არ უნდა ხდებოდეს".
"ჩვენ უკვე ვხედავთ თუ, როგორ ატარებენ სახიფათო კვლევებს უკრაინასა და საქართველოში ყოველგვარი მორალური ნორმისა და კანონის დარღვევით, კერძოდ, ფსიქიატრიული საავადმყოფოების პაციენტებზე იმ მიზნით, რომ ახალი ტიპის ბიოლოგიური და ქიმიური იარაღები შექმნან" - თქვა "მკვლევარმა".
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი დასავლეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში ბიოქიმიური იარაღზე მუშაობის შესახებ კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებს. რუსული პროპაგანდისტული მანქანის სამიზნე მრავალჯერ გამხდარა საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორიის სახელად წოდებული რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიც. რუსეთი, სხვადასხვა გზით, იქნება ეს კრემლის მედია, თუ თავად რუსი მაღალჩინოსნების, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის საჯარო განცხადებები, არაერთ ტყუილს ავრცელებს ლაბორატორიის შესახებ, რაც საქართველოს წინააღმდეგ მისი ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი სტრატეგიაა.