რუსეთი

პატრუშევის მტკიცებით, საქართველო და მოლდოვა აშშ-ს ბიოლოგიური იარაღის გამოცდის პოლიგონებია

ნიკოლაი პატრუშევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაგრძო კრემლის პროპაგანდა, თითქოს აშშ პოსტსაბჭოთა სივრცეში ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობს.

"არა მხოლოდ უკრაინა გახდა ბიოლოგიური იარაღის გამოცდის პოლიგონი. აშშ-ს მიზანშია სსრკ-ს სხვა ყოფილი რესპუბლიკებიც, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა, ასევე შანხაის კოოპერაციის ორგანიზაციის რიგი ქვეყნები". – თქვა პატრუშევმა ნიუ-დელიში, შანხაის კოოპერაციის ორგანიზაციის ქვეყნების უსაფრთხოების საბჭოს მდივნების შეხვედრაზე. 

მისივე მტკიცებით, რუსეთს აქვს "უტყუარი მტკიცებულებები", რომ აშშ უკრაინაში ბიოლოგიურ პროექტებზე მუშაობდა. 

პატრუშევი გასული წლის აპრილში ამბობდა, რომ რუსეთის საზღვრებთან ახლოს არსებობს აშშ-ს ბიოლოგიური ლაბორატორიები, სადაც ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობენ. მისი მტკიცებით, განსაკუთრებული საფრთხის წინაში იყო სამხრეთის ფედერალური ოლქი.

გასული წლიდან რუსეთმა აქტიურად დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს აშშ-მ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოშიც, შექმნა ბიოლოგიური ლაბორატორიის ქსელები, სადაც ბიო-ქიმიურ იარაღებზე მუშაობენ. აქტიური პროპაგანდა მოჰყვა რუსეთის მხრიდან მტკიცებას, თითქოს უკრაინაში შეჭრის დროს მათ ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორია გაანადგურეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ამ ცნობას დეზინფორმაცია უწოდა.

რუსეთის ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის (РХБЗ) უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა წამოაყენა ბრალდება, რომ ღორის გრიპი, რომელიც 2007 წლიდან ვრცელდება, საქართველოს ლაბორატორიაშია გამოყვანილი. ამის შემდეგ, მისი მხრიდან გაჟღერდა კიდევ ერთი ბრალდება, თითქოს საქართველოში დაავადებების გადამტან ღამურებზე ცდებს ატარებდნენ.

ეს რუსეთის მხრიდან საქართველოში არსებული  ლაბორატორიების წინააღმდეგ პირველი გაჟღერებული ბრალდება არ არის. მოსკოვი განსაკუთრებულ ყურადღებას რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს აქცევს.

რუსეთმა ჰიბრიდული ომი ლუგარის კვლევით ცენტრს ჯერ კიდევ მაშინ გამოუცხადა, როდესაც ლაბორატორიის მშენებლობაც კი არ იყო დასრულებული. მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდის მანქანა, სხვადასხვა გზით, იქნებოდა ეს კრემლის მედია, თუ თავად რუსი მაღალჩინოსნების, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის საჯარო განცხადებები, არაერთ ტყუილს ავრცელებდა ლაბორატორიის შესახებ.

რუსეთი საქართველოსგან მოითხოვს, ჰქონდეს ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის და ყველა შენობასა და დოკუმენტზე წვდომის უფლება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება 2020 წლის 28 მაისს გამოაქვეყნა. რუსეთი აცხადებს, რომ, შესაძლოა, საქართველოში "ამერიკული საომარი და ბიოლოგიური მოქმედებები მიმდინარეობდეს".

უფრო მეტი ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობისა და ისტორიის შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები