ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ბაიდენის თქმით, ნეთანიაჰუ მძევლებზე შეთანხმების მისაღწევად საკმარისს არ აკეთებს

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ორშაბათს, 2 სექტემბერს თქვა, რომ ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ საკმარისს არ აკეთებს ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებული შეთანხმების მისაღწევად და დასძინა, რომ შეერთებული შტატები ახლოსაა მძევლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის საბოლოო წინადადების წარსადგენად.

ბაიდენმა აღნიშნული კომენტარი თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელელმა სამხედროებმა ღაზის სექტორში მდებარე გვირაბში ექვსი მძევლის, მათ შორის, ისრაელელ-ამერიკელი ჰერშ გოლდბერგ-პოლინის ცხედარი იპოვეს. ისრაელელი სამხედროების თქმით, მძევლები ჰამასის ტერორისტებმა მათი ცხედრების პოვნამდე ცოტა ხნით ადრე დახოცეს.

პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ნეთანიაჰუ მძევლებზე შეთანხმების მისაღწევად საკმარისს აკეთებს, ბაიდენმა უპასუხა, რომ "არა", თუმცა უფრო დეტალური პასუხისგან თავი შეიკავა.

ბაიდენის კომენტარს უკვე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერმინისტრიც. ნეთანიაჰუს თქმით, ზეწოლა უნდა მოხდეს ჰამასზე და არა ისრაელზე, განსაკუთრებით მძევლების სიკვდილის შემდეგ.

"და ახლა, ამის შემდეგ, გვთხოვენ გამოვიჩინოთ სერიოზულობა? ჩვენ გვთხოვენ დათმობებზე წასვლას? რა გზავნილია ეს ჰამასისთვის? გზავნილია - მოკალით მეტი მძევალი". - თქვა მან იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი ასევე შეხვდნენ მძევლებზე მოლაპარაკების გუნდს რა დროსაც ბაიდენმა გამოხატა "აღშფოთება" მძევლების დახოცვის გამო და განიხილა დარჩენილი ტყვეების გათავისუფლების შემდგომი ნაბიჯები.

ბაიდენმა ნეთანიაჰუს კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი და ახლა უკვე პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის მიმართ გახშირდა მოწოდებები ღაზაში 11-თვიანი ომის დასრულებისთვის ძალისხმევის გაზრდისაკენ.

კომენტარები