თურქეთმა BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანა, ვინაიდან ქვეყანა, როგორც ამას ამერიკულ გამოცემა Bloomberg-ს ანონიმური წყაროები ეუბნებიან, "გლობალური გავლენის გაძლიერებასა და დასავლეთის გარეთ ახალი კავშირების დამყარებას ცდილობს".
წყაროების ცნობით, ალიანსში შესვლის შესახებ განაცხადი თურქეთმა რამდენიმე თვის წინ შეიტანა "იმედგაცრუების ფონზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების რამდენიმე წლიანმა მოლოდინმა გააჩინა". მიზეზად, წყაროებზე დაყრდნობით, ასევე სახელდება თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის ხედვა, რომლის მიხედვითაც "გრავიტაციის გეოპოლიტიკურმა ცენტრმა" განვითარებული ეკონომიკებიდან გადაინაცვლა.
როგორც Bloomberg-ი წერს, BRICS-ში გაწევრიანების სურვილი, ნაწილობრივ, თურქეთსა და NATO-ს წევრ სხვა ქვეყნებს განხეთქილებაც შეიძლება იყოს, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მიუხედავად თურქეთის მიერ რუსეთთან "მჭიდრო კავშირების" შენარჩუნებამ გამოიწვია.
"თურქეთს შეუძლია გახდეს ძლიერი, პრესტიჟული და გავლენიანი ქვეყანა, თუ ის აღმოსავლეთთან და დასავლეთთან ერთდროულად გააუმჯობესებს ურთიერთობებს. ნებისმიერი მეთოდი, ამის გარდა, თურქეთს მოუტანს არა სარგებელს, არამედ ზიანს" - თქვა ერდოღანმა მიმდინარე კვირაში სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, BRIC ეკონომიკური ალიანსი 2006 წელს ბრაზილიის (B), რუსეთის, (R), ინდოეთისა (I) და ჩინეთის (C) ინიციატივით შეიქმნა. მოგვიანებით, 2010 წელს ორგანიზაციას სამხრეთ აფრიკაც (S) შეემატა, რის გამოც დღეს ალიანსს BRICS ეწოდება.
2024 წლის იანვარში ორგანიზაციაში გაწევრიანდნენ ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროებიც. როგორ შეიცვლება ალიანსის სახელი, ჯერჯერობით უცნობია.
რამდენიმე დღის წინ კი, 20 აგვისტოს BRICS-ში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი აზერბაიჯანმაც შეიტანა. ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტს მოჰყვა, რომლის დროსაც ალიევმა და პუტინმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე წევრი ქვეყნები, სავარაუდოდ, 22-24 ოქტომბერს რუსეთში, ყაზანში დაგეგმილ სამიტზე იმსჯელებენ. აზერბაიჯანის გარდა, BRICS-ში გაწევრიანებას მალაიზია და ტაილანდიც ელოდებიან.





