რუსული კანონი

ჩერგოლეიშვილი სირცხვილიაზე: ეს მოვლენა იყო შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია

ლუკა ახალაია

"ეს მოვლენა იყო შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია" - ასე გამოეხმაურა ფედერალისტების ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ორგანიზაცია სირცხვილიას გადაწყვეტილებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

"როცა ამ ვიდეოს ვუყურებდი, დავინახე, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ სჯერათ გამარჯვების. არ სჯერათ, რომ ჩვენ შეიძლება 2024 წელს გავიმარჯვოთ. ეს ჩემთვის აღმოჩნდა ძალიან მძიმე, იმიტომ, რომ გამარჯვების რწმენა - რომელიც შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს და გაცრუვდეს - თავისთავად, გამარჯვების პროცესის ნაწილია.

როდესაც ხედავ აქტივისტებს, რომლებიც ფრონტზე იყვნენ წინააღმდეგობის, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წლიდან დაიწყო და დაიწყო ამ საფუძვლით, რომ გავრილოვი ჩასვეს სავარძელში და ეს იყო მთავარი, რუსეთი გახდა უცებ პრობლემა მაშინ და პირველად დავინახეთ თვითდინებით გამოსული ხალხი ქუჩაში. სირცხვილია იყო ამ ყველაფრის პირველ რიგებში, ეს იყო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წელს იდგა ამ პროტესტის სათავეში.

უცებ, ასეთ დროს, როდესაც საკონსტიტუციოს პროცესი მიდის, გამოდიხარ და ასეთ ვიდეოს ავრცელებ... ამ ვიდეოს ყველაფერი ჯობდა. ამ ვიდეოს ჯობდა უბრალოდ პოსტიც, რომ, მეგობრებო, რა ვქნათ, სხვა გზა არა გვაქვს... ამას გარდა, რას ნიშნავს "ამაზე უკეთესი გზა არ არსებობდა"? დახურვა არის ამაზე უკეთესი გზა, ახალი ორგანიზაციის გახსნა და მილიონი გზა არსებობს, თუ ბრძოლა გინდა. გასაგებია, რომ ყველა გზა დროებითია და ამოცანა რეჟიმის დამარცხებაა.

ძალიან რთული მოსასმენი იყო ჩემთვის თუნდაც ის დასაწყისი, იმ ორი ადამიანის გამო, რომლებსაც მე დიდ პატივს ვცემ და პერსონალური კეთილგანწყობა მაქვს. მაგრამ, კიდევ ერთხელ, ჩემი კეთილგანწყობა არ არის გადამწყვეტი და არ ყოფილა არასდროს ჩემთვის, როცა მოვლენებს ვაფასებ და ეს მოვლენა ნამდვილად იყო შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია. [...]

მჯერა იმის, რომ გამარჯვების რწმენა არ აქვთ, ნიჰილიზმში არიან ჩაწვენილები თვითონაც და მჯერა, რომ დაჭერის შეეშინდათ". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

მოძრაობა სირცხვილია საჯარო რეესტრში უცხოური  ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირდება - ამის შესახებ ორგანიზაციის წევრებმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრეს.

კომენტარები