არჩევნები 2024

მიქანაძე: NGO-ები ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, არ იცავდნენ ნეიტრალიტეტს

"არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, საჯაროდ ახორციელებდნენ პოლიტიკური შინაარსის, ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდას და არ იცავდნენ ნეიტრალიტეტს" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიქანაძემ გამოყო მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში "უცხოური ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევის" რამდენიმე ფაქტი. 

"საანგარიშო პერიოდში უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის მიერ  დაფინანსდა და დაორგანიზდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების  შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. პირველი ასეთი შეხვედრა 17 ივნისს ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა, სადაც სალომე სამადაშვილს, ხატია დეკანოიძეს, ანა წითლიძეს, თეონა აქუბარდიასა და თამარ კორძაიას მიეცათ წინასაარჩევნო აგიტაციის განხორციელების შესაძლებლობა. მსგავსი შეხვედრები მომდევნო დღეებში შედგა ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთსა და გორში. შეხვედრის ორგანიზებაში NDI-ისთან ერთად ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი. 13 ივლისს წნორში გაიმართა ნაციონალური მოძრაობის, ლელოს, გირჩის, გირჩი მეტი თავისუფლებისა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერების შეხვედრა მოსახლეობასთან, რომლის თაობაზეც  თავად ლელოს ოფიციალური Facebook  გვერდიც იუწყება. პარტია ლელო მადლობას უხდის NDI-ის კახეთის რეგიონის მაცხოვრებლებთან შეხვედრის შესაძლებლობისათვის. არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მოსახლეობასთან შეხვედრისას საარჩევნო დაპირებებზე ისაუბრეს.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ინტენსიური, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქტივობები შეინიშნება. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით წინასაარჩევნო კამპანიები დაიწყეს, რისი ნათელი მაგალითიც არის რეგიონებში განხორციელებული ე.წ. დემოკრატიის ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები. 

პირველი ე.წ. ფესტივალი-ს ღონისძიება 27 ივლისს წალენჯიხაში გაიმართა, რასაც 3 აგვისტოს თელავში და 10 აგვისტოს ქუთაისში მსგავსი ღონისძიებები მოჰყვა. საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ე.წ. დემოკრატიის ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ ეწეოდნენ წინასაარჩევნო აგიტაციას, არიგებდნენ პარტიის ბროშურებს და გასცემდნენ საარჩევნო დაპირებებს. ე.წ. ფესტივალზე არაერთ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ბანერიც გამოიფინა მისი გათავისუფლების მოწოდებით. 

[...] 21 ივლისს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ორგანიზებით ბათუმში, ეკა გიგაურმა, ნინო ლომჯარიამ და გიორგი უშიკიშვილმა მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრები გამართეს. პანელს ზვიად ქორიძე უძღვებოდა. 

[...] გრძელდება არასამთავრო ორგანიზაციების მხრიდან მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიზანდასახული დისკრედიტაციის კამპანია. ამის ნათელი მაგალითია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, იგივე სოროსის ფონდის მიერ სოციალურ ქსელში (Facebook გვერდზე) ხელისუფლების საწინააღმდეგო შინაარსის ვიდეო-კლიპების განთავსება" - თქვა მიქანაძემ. 

კომენტარები