Politico ევროკომისიის საგარეო საქმეთა სამსახურის სპიკერთან, პიტერ სტანოსთან ინტერვიუს აქვეყნებს და წერს, რომ ევროკავშირი საქართველოს აფრთხილებს, არ აკრძალოს ოპოზიციური პარტიები.
გამოცემასთან საუბრისას სტანომ აღნიშნა, რომ ბრიუსელი "შეშფოთებულია" ქართული ოცნების მუქარით, "ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის" შესახებ.
"ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად". - უთხრა სტანომ Politico-ს და დასძინა, რომ პლურალიზმი "ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ცენტრალური საყრდენია".
ევროკომისიის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ამჟამინდელი კურსი საფრთხეს უქმნის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას და ევროკავშირი მზადაა მიიღოს შესაბამისი ზომები, თუ ქართული ოცნება მუქარას შეასრულებს.
"[ხელისუფლების] ამჟამინდელი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. ევროკომისია საქართველოში არსებულ რიტორიკასა და იქ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და მზადაა მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. განვიხილავთ ყველა ვარიანტს და შესაბამისად ვიმოქმედებთ, თუ ეს განცხადებები შესრულდება". - თქვა სტანომ.
მანვე აღნიშნა, რომ წევრობის კარი "ღია რჩება, თუ საქართველო გადაწყვეტს კვლავ მოვიდეს ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებთან თანხვედრაში და უარი თქვას ბოლო თვეების უარყოფით ტენდენციებზე".
ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებით, რაც შემდეგ ბიძინა ივანიშვილმაც გაიმეორა, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ შორის იმიტომაც სჭირდება, რომ დააინიცირონ სამართლებრივი პროცესი, "რომლის შედეგადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება".
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელი პარტიების აკრძალვას აპირებს ოცნება, მკაფიო ჩამონათვალით უპასუხა: ენმ, ახალი, გირჩი, დროა, ლელო და გახარია - საქართველოსთვის.





