ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კურსკის ოლქის დაცვის ჩავარდნაზე პასუხისმგებელი შესაძლოა რუსი ჯარისკაცების ჯგუფი "ჩრდილოეთის" გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი იყოს.
როგორც მედია წერს, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენელმა მათთან ანონიმურად თქვა, რომ 2024 წლის გაზაფხულზე ლაპინმა დაშალა საბჭო, რომელიც უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქის დაცვაზე იყო პასუხისმგებელი. ანონიმური წყაროს თქმით, გენერალს მიაჩნდა, რომ რეგიონის დაცვისთვის შესაძლებლობა მხოლოდ სამხედროებს გააჩნდათ.
WSJ წერს, რომ ამ გადაწყვეტილებამ რუსეთის სასაზღვრო დაცვაში კიდევ ერთი ხვრელი გააჩინა, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ კურსკის ოპერაციის საწინდარი მხოლოდ ლაპინის მოქმედებები არ ყოფილა. WSJ ხაზს უსვამს, რომ გენერალ-ლეიტენანტი სამხედროების ნაკლებობის პრობლემის წინაშე იდგა.
WSJ-მ ყურადღება მიაქცია რუსი სამხედრო ბლოგერების მიერ გავრცელებულ ცნობებსაც, რომელთა მიხედვითაც, ლაპინის სარდლობამ მოსკოვი გააფრთხილა, რომ უკრაინელები საზღვართან ძალებს ზრდიდნენ, რაც უგულებელყოფილი დარჩა. ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინელ სამხედროებს რუსეთის მხრიდან 488-ე და 144-ე მოტორიზებულ მსროლელთა ბრიგადები დაუპირისპირდნენ, რომლებიც ძირითადად ახალწვეულებითაა დაკომპლექტებული და ისინი ფრონტის ხაზზე არ უნდა იბრძოდნენ.
WSJ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთვევა არაა, როცა ლაპინის სარდლობა ცუდი დაგეგმარებისა და ადამიანური რესურსის უკმარისობის წინაშე აღმოჩნდა. ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი 2022 წლის შემოდგომაზე ლაპინს მკაცრად აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ მისი ჩამოქვეითება და ფრონტზე გაშვება იყო საჭირო. მაშინ ლაპინი ცენტრალურ სამხედრო ოკრუგს მეთაურობდა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.
ასზე მეტი რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს და რამდენიმე ათეულობით დასახლებაზე კონტროლი მოიპოვეს. დანაკარგები ორივე მხარესაა. რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება განადგურებული საბრძოლო ტექნიკის ფოტოები და კადრები.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები და ცნობები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.
წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.





