საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოლქში

გირკინი: კურსკზე იერიში ყურადღების გადასატანია, უნდა ველოდოთ მეორე დარტყმას, ყირიმისკენ

პატიმრობაში მყოფ რუს ულტრანაციონალისტსა და თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილ ე.წ. თავდაცვის მინისტრს, იგორ გირკინს (სტრელკოვს) მიაჩნია, რომ უკრაინელების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში წამოწყებული იერიში ყურადღების გასაფანტი მანევრია და მეორე დარტყმას სხვა მხრიდან მიიტანენ. ამის შესახებ გირკინის ცოლმა, მიროსლავა რეგინსკაიამ დაწერა.

რეგინსაკაიამ საკუთარ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა ამონარიდი ქმრის წერილიდან. გირკინს მიაჩნია, რომ მეორე დარტყმას უკრაინელები ანექსირებული ყირიმის მიმართულებით მიიტანენ და გამოიყენებენ F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს.

"ფრონტზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშრებით: ყურადღებით ვადევნებ თვალს. ვთვლი, რომ კურსკზე უკრაინელების დარტყმები ყურადღების გადასატანადაა. უნდა ველოდოთ მეორეს - მთავარს (რედ. - დარტყმას), რომელშიც ისინი საფუძვლიანად გააქტიურებენ საკუთარ დარჩენილ რეზერვებსა და ავიაციას (F-16-ებს). დიდი ალბათობით, ყირიმის მიმართულებით". – წერს გირკინი.

იგორ გირკინი 2023 წლის 21 ივლისს ექსტრემიზმისკენ მოწოდების ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებდა.


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.

ასზე მეტი რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს და რამდენიმე ათეულობით დასახლებაზე კონტროლი მოიპოვეს. დანაკარგები ორივე მხარესაა. რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება განადგურებული საბრძოლო ტექნიკის ფოტოები და კადრები.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები და ცნობები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.

წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.

 
 

კომენტარები