უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობისა და შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნებთან ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის განსახილველად შეხვედრა გამართა.
არსებული ინფორმაციით, უკრაინა რუსეთში, კურსკის რეგიონში ბუფერული ზონის შექმნას გეგმავს, რათა ჰუმანიტარული დერეფნების მეშვეობით მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს და სურვილის შემთხვევაში, ადამიანებს უკრაინაში ან რუსეთში უსაფრთხოდ გადასვლა შეეძლოთ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, იჰორ ლიმენკომ აღნიშნა, რომ კურსკში ბუფერული ზონის შექმნის ერთ-ერთი მიზანი აღმოსავლეთ საზღვართან მცხოვრები უკრაინის მოსახლეობის დაცვაა ოკუპანტების ყოველდღიური თავდასხმებისგან.
"ჩვენი სამხედრო გეგმაა, გავხსნათ ჰუმანიტარული დერეფნები მოსახლეობის ევაკუაციისთვის ორივე, როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის მიმართულებით" – თქვა უკრაინის პრემიერმინისტრის მოადგილემ, ირინა ვერესჩუკმა Telegram-ზე.
უკრაინას სურს, აღნიშნულ ტერიტორიაზე წვდომა ჰქონდეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, როგორიცაა წითელი ჯვარი და გაერო.
"ბუფერულ ზონებში საკვების, წამლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სხვა საჭირო ნივთების მიწოდება უნდა ხდებოდეს" – ამბობს უკრაინის ადამიანთა უფლებების კომისარი, დმიტრო ლუბინეცი.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მკაცრად იცავენ საერთაშორისო კონვენციებსა და ჰუმანიტარულ კანონებს.





