უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში დაახლოებით ოცზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს. დატყვევებული სამხედროები სპეცრაზმი ახმატიდან არიან. ცნობა, ვიდეოს სახით, უკრაინის შეიარაღებული ძალების პროექტმა, Хочу жить-მა (მსურს ვიცოცხლო) 11 აგვისტოს გაავრცელა.
"რეიდერების ჯგუფმა ეს კადიროველები საზღვრიდან ღრმა ზურგში გამოიჭირა. მათი თქმით, ცდილობდნენ გაქცეულიყვნენ, რათა ტყვედ არ ჩავარდნილიყვნენ, რადგან რამზან კადიროვმა ერთხელ თქვა, რომ ახმატის მებრძოლები ტყვედ არ ბარდებიან." – წერია Хочу жить-ის აღწერაში.
ამ პოსტის გამოქვეყნებამდე საათნახევრით ადრე რამზან კადიროვი წერდა, რომ ახმატის მებრძოლებმა, საზღვაო ქვეითთა 810-ე ცალკეულ გვარდიულ ბრიგადასთან ერთად, უკრაინული ტექნიკის კოლონა და სამხედროები გაანადგურეს.
"გადარჩენილებს გზა საბრძოლო შეხების სიახლოვეს გადაუღობეს. ვფიქრობ, უკვე ყველასთვის გასაგებია მათი შემდგომი ბედი." – წერდა კადიროვი.
გავრცელებულ ვიდეოზე კადიროვს კომენტარი არ გაუკეთებია. აქამდე ახმატის მეთაურმა, აპტი ალაუდინოვმა უკრაინელების წარმატებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "ზოგიერთი ხელმძღვანელი" დაადანაშაულა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე უკრაინული ტექნიკის განადგურებაა ასახული. რამდენიმე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს.
პროკრემლისტური ტელეგრამ არხი Mash-ი ირწმუნება, რომ იერიშში მონაწილეობა მიიღეს რუსული მოხალისეთა კორპუსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.
წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.