აშშ ცდილობს, აიძულოს ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, ძალაუფლება ამნისტიის სანაცვლოდ დათმოს, წერს The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
WSJ-ს ცნობით, შეერთებული შტატები განიხილავს მადუროსა და მისი მთავარი ლეიტენანტების შეწყალებას, რომლებსაც აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალდებები ჯერ კიდევ 2020 წელს წარუდგინა.
ერთ-ერთი წყაროს თანახმად, შეერთებულმა შტატებმა "ყველაფერი მაგიდაზე დადო", რათა დაარწმუნოს მადურო, პოსტი იანვარში ვადის ამოწურვამდე დატოვოს.
WSJ წერს, რომ აშშ ასევე მზადაა, გასცეს უსაფრთხოების გარანტიები იმის შესახებ, რომ არ დაედევნებინა რეჟიმის წარმომადგენლებს ექსტრადირების მიზნით.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა 2020 წელს მადუროსა და ვენესუელას ათზე მეტ პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერს ბრალი წარუდგინა და "ნარკოტერორიზმსა" და "აშშ-ს კოკაინით დატბორვის" დაგეგმვაში დაადანაშაულა. მაშინ სახელმწიფო დეპარტამენტმა 15 მილიონი დოლარის ჯილდო გამოაცხადა ინფორმაციისთვის, რომელიც ვენესუელას ლიდერის დაპატიმრებას გამოიწვევდა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადუროს ოპონენტი და ოპოზიციის კანდიდატი ედმუნდო გონსალესი აღიარა.
"აბსოლუტური მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეერთებული შტატებისთვის და, რაც მთავარია, ვენესუელელი ხალხისთვის ნათელია, რომ ედმუნდო გონსალესმა ვენესუელას 28 ივლისის არჩევნებში ხმების უმრავლესობა მოიპოვა". - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, საარჩევნო საბჭოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგებით, ისევ მოიგო.
ვენესუელას ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, ელვის ამოროსოს თქმით, რომელიც მადუროს ახლო მოკავშირეცაა, ბიულეტენების 80%-ის დათვლის შემდეგ, ხმათა 51.2% მადურომ, ხოლო 44.02% მისმა მთავარმა მეტოქემ, ედმუნდო გონსალესმა მოიპოვა.
ვენესუელას ოპოზიცია შედეგებს არ ცნობს და ამბობს, რომ არჩევნები გაყალბებულია, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა გონსალესმა სინამდვილეში ხმათა 70% მოიპოვა და გამარჯვებულიც სწორედ ისაა.
არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვებიც აჩვენებდა, რომ გონსალესისადმი ხალხის მხარდაჭერა მართლაც დიდი იყო.
ვენესუელაში სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.





