სენატორმა ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე აშშ-საქართველოს ურთიერთობებისა და მისი ვიზიტის შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, შეიცვლება თუ არა აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით შემოდგომაზე ადმინისტრაციის შეცვლის შემთხვევაში შაჰინმა თქვა, რომ საქართველოსთან პოლიტიკა თანმიმდევრულია და ის არ შეიცვლება.
"პოლიტიკა თანმიმდევრულია და გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული ძალისხმევის მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის პრეზიდენტი, დემოკრატი თუ რესპუბლიკელი, არ ველი, რომ ეს შეიცვლება. ორივე პალატაში, სენატში და წარმომადგენელთა პალატაში შეტანილია კანონმდებლობა, რომელიც მხარს უჭერს და აძლიერებს ამერიკის მთავრობის ქმედებებს და განაგრძობს საქართველოს მიმართ საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას" - თქვა ჯინ შაჰინმა. [აშშ-ს საელჩოს თარგმანი]
აშშ-ში ადმინისტრაციის შეცვლის და საქართველოს მიმართ პოლიტიკის შეცვლაზე ასევე ისაუბრა კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა. მისი თქმით, ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის იყო, რომ ქართული მხარისთვის განემარტათ, რომ აშშ-ს პოლიტიკა საქართველოს მიმართ ორპარტიულია. ტერნერმა თქვა, რომ ბაიდენის და ტრამპის ადმინისტრაციების პოლიტიკას თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ საქართველოს მიმართ პოლიტიკის ცვლილება არ იქნება.
სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. იმავე დღეს, შაჰინი და ტერნერი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.
10 აგვისტოს კი, პრემიერმინისტრთან შეხვედრამდე, ამერიკიდან ჩამოსული დელეგაცია არასამთავრობო სექტორს ესაუბრა.





