საქართველო-აშშ

"ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოზე, რუსულ კანონზე" - შაჰინი და ტერნერი NGO-ებს შეხვდნენ

ISFED-ის დირექტორი, ნინო დოლიძე და საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სენატორ შაჰინთან და კონგრესმენ ტერნერთან შესახვედრად მიდიან. 10 აგვისტო, 2024 წელი
"სქრინი" ტელეკომპანია მთავარის სიუჟეტიდან

თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ.

როგორც ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და რუსული კანონის ძალაში შესვლა.

"საუბარ შეეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდს, იმას, თუ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, რა მოლოდინები გვაქვს ჩვენ არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რა გვაქვს დაგეგმილი სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით და როგორ იმოქმედებს რუსული კანონი საქართველოს სამოქალაქო სექტორზე. რაზეც ისაუბრეს მათ იყო ის, რომ ისინი არიან აქ, რადგან მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და არავითარ შემთხვევაში  ქართველ ხალხს არ მიატოვებენ მათ ბრძოლაში - საქართველო გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი და გახდეს დემოკრატიული ქვეყანა." - ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

ISFED-ის დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ქართელი ხალხის ნებას ჰქონდეთ ევროპული და დემოკრატიული ქვეყანა აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

"ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა და ამას გაესვა კიდეც შეხვედრაზე ხაზი, იმიტომ რომ აშშ-ს ორივე პარტია მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას, საქართველოს ევროპულ განვითარებას და ქართველი ხალხის ნებას საქართველო იყოს ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო." - თქვა დოლიძემ.

შეხვედრაზე ძირითადი სასაუბრო თემა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და რუსული კანონის ძალაში შესვლა იყო, ამას უსვამს ხაზს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძეც.

"წელს საქართველოსთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც უახლოეს მომავალში მოხდება, ეს არის არჩევნები. შესაბამისად, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებითაც იყო საუბარი... რუსული კანონის გამოწვევებზე იყო საუბარი, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ ჩვენ და მთლიანად საზოგადოება, როდესაც კანონი უკვე მიღებულია." - თქვა მან.


სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. იმავე დღეს, შაჰინი და ტერნერი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.

"განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მომავალი არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება. მათი ვიზიტი საქართველოს მიმართ აშშ-ს მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია." - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები