საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოლქში

კსკ ვაგნერი: მზად ვართ რუსეთის დასახმარებლად პირველივე მოხმობაზე ჩამოვიდეთ

ვაგნერის ჯგუფის წევრები მალიში, 2024 წლის ივლისი.
Grey Zone

კსკ ვაგნერის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც დაქირავებული რუსი სამხედროები მზარ არიან რუსეთში დასაბრუნებლად და კურსკის ოლქში საბრძოლველად, თუ შესაბამის თხოვნას მიიღებენ.

აქამდე ვრცელდებოდა დაუდასტურებელი ცნობები, თითქოს ვაგნერის მებრძოლები აფრიკიდან წამოიყვანეს და კურსკის მიმართულებით მიდიოდნენ. ამ ცნობას კსკ-სთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხები არ ადასტურებდნენ.

განცხადებას რუსული კერძო სამხედრო კომპანიის მეთაურთა საბჭო ერთობლივად ავრცელებს.

"პირველი დღიდან, სულ პირველი სამხედრო დავალებიდან გვქონდა ერთი მიზანი - სამშობლოს ინტერესების დაცვა, რუსეთის კეთილდღეობისთვის დახმარება და რუსი ხალხის დაცვა. და ჩვენ მზად ვართ ამისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.

ჩვენი განცხადება შემდეგია:

ჩვენი ძალები მზადა არიან მოვიდნენ სამშობლოს დასახმარებლად და განლაგდნენ საბრძოლო მზადყოფნაში პირველივე დაძახებაზე. ისე, როგორც ეს ყოველთვის იყო." - წერია ვაგნერის ჯგუფის გამცხადებაში.

ამას გარდა, გასულ დღეს გავრცელდა ცნობა, რომ კურსკის ოლქში, საბრძოლო მოქმედებების ზონაში ჩავიდა ვაგნერის ერთ-ერთი ყოფილი მეთაურის, ალექსანდრ კუზნეცოვის, იგივე რატიბორის რაზმი. ის 2024 წლის აპრილში 3 000 ვაგნერელთან ერთად ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მიერ შექმნილ სპეცრაზმ ახმატში გაწევრიანდა.

როდესაც 2024 წლის აპრილში რატიბორის მიერ სპეცრაზმ ახმატთან გაერთიანების ცნობა გავრცელდა, ეს ამბავი უარყოფითად შეაფასა ვაგნერელთა ნაწილმა, განსაკუთრებით სწორედ მათ, ვინც აფრიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობდნენ. კრიტიკის ფაქტორი გახდა კსკ ვაგნერსა და კადიროველებს შორის აქამდე არსებული უთანხმოებები.

პრიგოჟინის აჯანყების ჩავარდნის, შემდეგ კი მისი და ჯგუფის სამხედრო მეთაურის, ვაგნერის ზედმეტსახელით ცნობილი დმიტრი უტკინის სიკვდილის შედეგად კერძო სამხედრო კომპანია რამდენიმე ნაწილად დაიშალა. ნაწილმა თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი დადო, ზოგიერთი აფრიკაში ვაგნერის კონკურენტ რუსულ ჯგუფებს შეუერთდა, ზოგი ბელარუსში სამხედრო ინსტრუქტორი გახდა, ნაწილი კი ძველი სტრუქტურის ქვეშ დარჩა, რუსეთი დატოვა და მუშაობა აფრიკაში, საჰელის რეგიონში გააგრძელა. 


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე უკრაინული ტექნიკის განადგურებაა ასახული. რამდენიმე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს. 

პროკრემლისტური ტელეგრამ არხი Mash-ი ირწმუნება, რომ იერიშში მონაწილეობა მიიღეს რუსული მოხალისეთა კორპუსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.

წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.

კომენტარები