მალის შემდეგ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა ნიგერმაც შეწყვიტა. მიზეზი ამ შემთხვევაშიც იგივეა – უკრაინის ცნობა, რომლის მიხედვითაც აჯანყებულ ტუარეგებს დაეხმარნენ, რასაც კსკ ვაგნერისა და მალის შეიარაღებული ძალების ათეულობით წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ნიგერის ხუნტის წარმომადგენლის თქმით, მათი გადაწყვეტილება არის სოლიდარობა მეზობელი ქვეყნის, მალის მიმართ.
აქამდე, რამდენიმე დღის წინ უკრაინასთან ურთიერთობა მალიმ გაწყვიტა.
მალი და ნიგერი, ბურკინა-ფასოსთან ერთად საჰელის რეგიონში ახალ ალიანსად ჩამოყალიბდნენ. სამივე სახელმწიფოს ხუნტები მართავენ. აქ სამხედრო გადატრიალებები გასულ წლებში მოხდა. მალის, ნიგერსა და ბურკინა-ფასოს ახლო ურთიერთობა აქვს რუსეთთან, განსაკუთრებით კი ვაგნერის ჯგუფთან.
ივლისის ბოლოს გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც მალიში დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ. კადრებში ჩანდა მათი განადგურებული საბრძოლო ტექნიკა, ფიგურირებდა ისლამისტი ჯიჰადისტებისა და აზავადის მოძრაობის დროშები. შეიარაღებული ტუარეგები და არაბები დახოცილ რუს დაქირავებულ სამხედროებს ძარცვავდნენ და მათ ფონზე პოზირებდნენ.
ვაგნერელებს თავს დაესხნენ აზავადის მოძრაობის კოორდინაციისა (CMA) და ალ-კაიდის საჰელის განშტოების ალიანსის წევრები. კსკ-ში აღიარეს, რომ მათი ერთ-ერთი სამხედრო მეთაური, ანტონ ელიზაროვი ბრძოლის დროს მოკვდა. გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აჯანყებულებმა მათი ვერტმფრენის ჩამოგდებაც შეძლეს. მოკლულთა შორის იყო ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხი GREY ZONE-ის ადმინისტრატორი, ნიკიტა ფედიანინიც, ზედმეტსახელად "თეთრი".
29 ივლის უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) სპიკერმა, ანდრიი იუსოვმა თქვა, რომ ტუარეგ აჯანყებულებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც "რუსი ომის დამნაშავეების" წინააღმდეგ წარმატებული ოპერაციის საწინდარი გახდა.
უკრაინულმა ინგლისურენოვანმა მედია Kyiv Post-მა გასულ კვირებში გაავრცელა ფოტო, რომელშიც აჯანყებული ტუარეგები უკრაინის დროშით პოზირებენ.
რამდენიმე წლის წინ ტუარეგთა ტომის აჯანყების შემდეგ მალის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთზე კონტროლი დაკარგა. კონფლიქტი კიდევ უფრო გაართულა ისლამისტების ჩართულობამ. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოხდა, ხუნტამ რუსულ კსკ ვაგნერთან ახლო ურთიერთობა დაამყარა.
გასულ თვეებში უკრაინელი სამხედროების აფრიკის კონტინეტზე ვაგნერის ჯგუფის წინააღმდეგ მოქმედებების შესახებ რამდენიმე ცნობა გავრცელდა. თუმცა მაშინ საუბარი იყო უკრაინელი სპეცრაზმელების სუდანის სამოქალაქო ომში მონაწილეობაზე.