რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Save Ukraine: უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან 23 ბავშვი დავაბრუნეთ

Getty Images

ორგანიზაცია Save Ukraine-ის ცნობით, უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან, ხერსონიდან, ზაპოროჟიედან და ლუგანსკიდან 23 ბავშვი უკრაინის კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააბრუნეს. 

"Save Ukraine და Bring Kids Back UA რუსების ტყვეობიდან ახალგაზრდა უკრაინელების დახსნას განაგრძობენ. ბოლო კვირის განმავლობაში, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 23 ბავშვის დაბრუნება მოვახერხეთ, მათ შორის 3 ობოლი იყო". - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

განცხადებაში დაბრუნებული ბავშვების გამოცდილებები არის აღწერილი. ერთ-ერთი 16 წლის მოზარდის თქმით, სამხედრო პოლიცია აკავებდა, რადგან რუსული პასპორტის აღებაზე უარის გამო კრიმინალად მოიაზრებდნენ. 15 და 17 წლის დები კი ამბობენ, რომ რუსი სამხედროები მათ სახლში ღამით რამდენჯერმე შეიჭრნენ, გაქურდეს და ოჯახს ბავშვების შორს წაყვანით დაემუქრნენ. 

Save Ukraine ოკუპირებულ ტერიტორიებშიც სწავლის ხარისხზეც საუბრობს და წერს, რომ მასწავლებელთა დიდი ნაწილი მარიონეტულ რეჟიმთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს, ამიტომ გაკვეთილებს სხვა პროფესიის წარმომადგენლები ატარებენ.

"დამლაგებელი მათემატიკას, ყოფილი მოლარე კი ინგლისურს ასწავლიდა". - წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან ოკუპირებული რეგიონებიდან უკრაინის კონტროლირებულ ტერიტორიაზე 446 ახალგაზრდა დააბრუნეს.

კომენტარები