თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, 2 აგვისტოს, ჰამასის თეირანში მოკლული ლიდერის, ისმაილ ჰანიას დაკრძალვის კატარში გასამართი ცერემონიის პარალელურად, თურქეთში გლოვის დღე იქნება.
"პალესტინისა და პალესტინელი დებისა და ძმებისადმი სოლიდარობის ნიშნად, ხვალ (პარასკევს) ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდება". - დაწერა ერდოღანმა X-ზე.
აქამდე, ერდოღანმა ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობა დაგმო და ამ აქტს "ვერაგული" უწოდა.
"ეს საზიზღარი ქმედებაა, რომლის მიზანიც პალესტინური საერთო საქმის, ღაზის დიდებული წინააღმდეგობრივი მოძრაობისა და ჩვენი პალესტინელი ძმების სამართლიანი ბრძოლის განადგურება, და პალესტინელების დემორალიზება და დაშინებაა". - დაწერა ერდოღანი X-ზე.
აღსანიშნავია, რომ ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა 2 აგვისტო "მძვინვარე რისხვის" დღედ გამოაცხადა და ხალხს მოუწოდა, ჰანიას მოკვლისთვის ბრაზე საჯაროდ გამოხატონ.
31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში მოკლეს. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. იერიში ჰამასმა და ირანმა ისრაელს დააბრალა. იერუსალიმი ბრალდებას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
The New York Times-მა 31 ივლისს წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას თეირანში მკვლელობის პასუხად ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა.მედიის ცნობით, ხამენეიმ ეს ბრძანება ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გასცა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მასშტაბური იქნება ირანის პასუხი.
2024 წლის აპრილში ირანმა ისრაელზე მასშტაბური იერიში მიიტანა ასობით რაკეტისა და დრონის გამოყენებით. ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ სირიაში, დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილ იერიშზე. მაშინ ისრაელმა თითქმის ყველა შემომავალი ობიექტი მოიგერია და ფაქტობრივად არ დაზიანებულან.





