ისმაილ ჰანიას მკვლელობა

ერდოღანმა ჰამასის ლიდერის მკვლელობა დაგმო და აქტს "ვერაგული" უწოდა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Adem Altan/AFP/Getty Images

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობა დაგმო და ამ აქტს "ვერაგული" უწოდა.

"ეს საზიზღარი ქმედებაა, რომლის მიზანიც პალესტინური საერთო საქმის, ღაზის დიდებული წინააღმდეგობრივი მოძრაობისა და ჩვენი პალესტინელი ძმების სამართლიანი ბრძოლის განადგურება, და პალესტინელების დემორალიზება და დაშინებაა". - წერს ერდოღანი X-ზე.

თურქეთის პრეზიდენტი ასევე ამატებს, რომ "სიონისტური ბარბარიზმი საკუთარ მიზნებს ვეღარ მიაღწევს ისე, როგორც აქამდე აღწევდა".

ამასთანავე, ერდოღანი გავრცელებულ განცხადებაში ჰამასის ლიდერს "ძმად" მოიხსენიებს და უსურვებს, რომ ღმერთმა იგი "სამოთხითა და სილამაზით" დალოცოს.


ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია 31 ივლისის გამთენიისას თეირანში სარაკეტო იერიშის შედეგად მოკვდა. ის გასულ დღეს ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო. ჰანია წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა. 

ვარაუდების მიხედვით, იერიში ისრაელმა მიიტანა, თუმცა იერუსალიმს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. გასულ დღეს ისრაელმა ლიბანში, ბეირუთში ჰეზბოლას ერთ-ერთ უმაღლეს ლიდერზეც, ფუად შუქრიზე მიიტანა იერიში.

ჰანიას სიკვდილის შემდეგ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს "სასჯელით" დაემუქრა.

კომენტარები